მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას ცოლი, რომელსაც 2014 წელს პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, სასამართლომ დააჯარიმა. იმავე ბრალდებით 2024 წელს დაკავებულ სინდისის პატიმრებს ნაჭყებიამ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტუდია მონიტორი” ავრცელებს.
“სტუდია მონიტორის” ინფორმაციით, ჯვებე ნაჭყებიას ცოლს, მაია კეკელიას 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო სსკ 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს ბრალი, ანუ იგივე მუხლით რაც პროკურატურამ წარუდგინა სინდისის პატიმრებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, ანატოლი გიგაურსა და საბა სხვიტარიძეს. თუმცა მზია ამაღლობელისგან განსხავებით, მაია კეკელიას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდა.
2015 წლის 9 ივნისს კი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მაია კეკელიას ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 353-ე პრიმას ნაცვლად, 353-ე მუხლით და 3 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მის მეუღლესთან დაკავშირებული ნასამართლეობის ამბავი უარყო.
ეგ არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არასდროს არ ყოფილა მსგავსი რამ, არ გახლავთ არაფერ შეხებაში ჩემი მეუღლე არსად არასდროს. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ,” – უთხრა ნაჭყებიამ “სტუდია მონიტორს”.
სტუდია მონიტორის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლეო საქმიანობას, უკვე არაერთ სინდისის პატიმარსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიუსაჯა პატიმრობა.
მაგალითად, 12 აგვისტოს მან გაასამართლა 2008 წლის აგვისტოს ომის და 2024 წლის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე ანატოლი გიგაური. პროკურატურის მიერ მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, ჯვებე ნაჭყებიამ გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით და გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანალოგიური კომბინაცია სსკ 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაკავებული სინდისის პატიმრის წინააღმდეგ თავდპირველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოიყენა 6 აგვისტოს, როცა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჯვებე ნაჭყებიამ 3 სექტემბერს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პროევროპული აქციის დროს დაკავებულ კიდევ ერთ სინდისის პატიმარს – საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე, სსკ-ის 353-ე მუხლით დააკავეს, თუმცა საბოლოოდ სსკ 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით გაასამართლეს.
“სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ ჯვებე ნაჭყებიას ცოლს – მაია კეკელიას 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის სოფელ ბანძის პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო სსკ 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს ბრალი, ანუ იგივე მუხლით რაც პროკურატურამ წარუდგინა სინდისის პატიმრებს, მათ შორის, მზია ამაღლობელს, ანატოლი გიგაურსა და საბა სხვიტარიძეს. თუმცა მზია ამაღლობელისგან განსხავებით, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ქალს – მაია კეკელიას მაშინ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით არა პატიმრობა, არამედ გირაო შეუფარდა.
2015 წლის 9 ივნისს კი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნატრული აკობიამ მაია კეკელიას ბრალდების კვალიფიკაცია შეუცვალა და 353-ე პრიმას ნაცვლად, 353-ე მუხლით და 3000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სწორედ სსკ 353-ე მუხლით ცნო დამნაშავედ კეკელიას ქმარმა ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაური, თუმცა ჯარიმის ნაცვლად მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ისე როგორც მზია ამაღლობელს – ნინო სახელაშვილმა.
მაია კეკელია არ ეთანხებოდა წარდგენილ ბრალდებებსა და მისთვის დაკისრებულ სანქციას. ამის შესახებ მან მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შესჩივლა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა.
კეკელია მაშინ აცხადებდა, რომ პოლიციის შენობაში სხვა პირებთან ერთად მიაკითხა დისშვილს, რომელსაც განყოფილებაში სცემდნენ და ამის აღკვეთას შეეცადა, რა დროსაც თავად მას მიაყენეს პოლიციელებმა დაზიანება. პოლიციაში კი აცხადებდნენ, რომ კეკელიას დისშვილი დაკავებული იყო, რომელიც განყოფილებაში მისი ახლობლების მისვლისა და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გაიქცა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ “სტუდია მონიტორთან” სატელეფონო საუბარში უარყო მის მეუღლესთან დაკავშირებული ნასამართლეობის ამბავი:
ეგ არ შეესაბამება სინამდვილეს, არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არასდროს არ ყოფილა მსგავსი რამ, არ გახლავთ არაფერ შეხებაში ჩემი მეუღლე არსად არასდროს. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ,” – უთხრა ნაჭყებიამ სტუდია მონიტორს.