საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი სამართალდამცველებმა დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, ჯარიმა გამოუწერეს დაახლოებით, 10 სტუდენტს.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
„გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტი არ შეიძლება. რადგან არ ვემორჩილოთ იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით. ამ ეტაპზეც, ყველას სახელს და გვარს იწერენ და ჯარიმებს უწერენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტების განმარტებით, დღეს დილით, თეატრალური უნივერსიტეტმა სანიტარული სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ადგილზე მყოფი სტუდენტები არ გააფრთხილა. მათი თქმით, ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ შემოთავაზებული ალტერნატიული სივრცე პატარა იყო. ამასთან, სტუდენტები უნივერსიტეტის სხვა სივრცის დათმობას მოითხოვდნენ, რაზეც მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან უარი მიიღეს.
პროტესტის მონაწილეებით თქმით, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. თავდაპირველად სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა, თუმცა სამართალდამცველები უნივერსიტეტში დაბრუნდნენ და ისინი დააჯარიმეს.
