საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ტოვებს ასოცირებული პროფესორი, თამარ ცაგარელი. მან რექტორისთვის დღეს, 13 მარტს მიწერილი წერილის ფოტო „ფეისბუკში“ გამოაქვეყნა და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი განმარტა.
„უნივერსიტეტში ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“, – წერია რექტორისთვის მიწერილ ოფიციალურ წერილში.
ცაგარელი მიიჩნევს, რომ ეთიკის საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიური საბჭოს წვერებიც არიან, 10 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით პროტესტში ჩართული სტუდენტები „გაწირა“. ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ ეს სტუდენტები არღვევდნენ ეთიკის კოდექსს და მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
„ეთიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც, ადმინისტრაციის წევრების გარდა, აკადემიური პერსონალიც გახლავთ, რაც, უპირობოდ ნიშნავს მათ ურთიერთობას სტუდენტებთან, იმ სტუდენტებთან, რომლის ნაწილიც გაწირეს და განაჩენი გამოუტანეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. ჩემთვის ძალიან რთულია ვიყო იმ საბჭოს წევრი, რომელშიც ახალგაზრდების „მოძულე“ აკადემიური პერსონალია“, – აცხადებს ცაგარელი და დასძენს, რომ „ზოგიერთებს არ მიანიჭებს სიამოვნებას“ და რჩება უნივერსიტეტის ლექტორად.
სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, 9 მარტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა – ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.
უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია, სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს – მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით.
გუშინ, 12 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილი თქვა, რომ მზადაა გადახედოს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, თუმცა დაასახელა პირობაც:
„მათ [სტუდენტებს] აქვთ სრული უფლება, რომ ეს გაასაჩივრონ – ან სასამართლოში ან მომმართონ მე, როგორც რექტორს და მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი პოზიცია…
თუ ჩვენ ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე შევთანხმდებით (არ დაზარალდეს სასწავლო პროცესი და პროტესტი გაგრძელდეს ასეთი ტიპის ჩარჩოში) დანარჩენზე შევთანხმდებით…“ – თქვა უნივერსიტეტის რექტორმა.
100 დღეზე მეტია, გასული წლის 28 ნოემბრიდან, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების (რომელთა რაოდენობაც 50-ს აღემატება) გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა მათგანი რეჟიმის ტყვეა.
