ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესი წარმოადგენს.
„სტრატეგია აღმაშენებლის” საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ევროკომისიის მაღალჩინოსანს გააცნობს.
„ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით ევროკავშირის ოფისში საინტერესო შეხვედრა მიმდინარეობს ევროკომისიის მაღალჩინოსანთან, რომელიც არის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და, რა თქმა უნდა, ევროკომისიის მთავარი ინტერესი არის, თუ რა ეტაპზეა 9 პუნქტის შესრულება და ჩვენი ხედვა, რა გაკეთდა და როგორ. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი”, რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე ვისაუბრებთ, რომ სამწუხაროდ, 9 რეკომენდაციის შესრულება იწელება და ბოლო შეხვედრიდან გამომდინარე, “ოცნება” პრიორიტეტების შესრულებას არ ჩქარობს. ოპოზიცია 9 პუნქტის შესრულების პროცესში აქტიურად ერთვება.
მათ შორის, ვითხოვთ, რომ შესრულდეს ის რეკომენდაციები, რომელსაც ვენეციის კომისია იძლევა, რაზეც “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ამის შესრულება შეუძლებელია. ” ოცნება” მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება არ არის მიზანშეწონილი და შეუძლებელია, ჩვენ, ოპოზიცია კი მივიჩნევთ, რომ ეს შესაძლებელი და აუცილებელია”- განაცხადა ჩიხლაძემ.