სტრასბურგში გასაგზავნად მზია ამაღლობელის საქმის მასალები მზადდება

ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უფლებები სისტემატურად ირღვევა და სწორედ ამის გამო ამზადებენ საჩივარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
„მზიას არ აკმარეს: უკანონო დაკავება; ძალადობა; შეურაცხყოფა; ყალბი დოკუმენტების შედგენა; ისეთი სამართალდარღვევების დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია; უკანონო პატიმრობა და უკანონო ბრალდება… ამას ემატება ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების არაერთი იმგვარი კომენტარი, რომელიც ხელაღებით არღვევს მის უფლებებს და ადასტურებს სწორედ იმას, რომ მზია ამაღლობელის საქმე ორკესტრირებულია ხელისუფლების ყველა შტოს მონაწილეობით“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატმა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გამართა. მ გუშინ, 16 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის და „კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.

„ბატონი კობახიძის კომენტარები არამხოლოდ მზია ამაღლობელის უფლების დარღვევას ემსახურებოდა, ამავდროულად ემსახურებოდა მის მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობების შექმნას“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.