ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგის სასამართლოში) დარეგისტრირდა ექვსი ქართული ორგანიზაციის საჩივარი „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ, – იუწყებიან მოსარჩელეები.
სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ექვსმა ორგანიზაციამ, მათ შორის ერთმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ. ესენი არიან:
· „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI);
· „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC);
· „კანონის უზენაესობის ცენტრი“;
· „საქართველოს ევროპული ორბიტა“;
· „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისათვის“;
· „პუბლიკა“.
„საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს – კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას“, – იუწყება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება“, – აცხადებს TI.
„ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს“, – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საერთო სარჩელით მოთხოვნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევების დადგენა. მათ შორის:
· გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი)
· შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი)
· პირადი ცხოვრების პატივისცემის (მე-8 მუხლი) უფლების
· სამართლიანი სასამართლოს (მე-6 მუხლი) უფლების
· ასევე, მე-7 („არავითარი სასჯელი კანონის გარეშე“) და მე-18 (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ერთი მხრივ, FARA-ს დარღვევას ედავება სხვადასხვა ორგანიზაციას, მათ შორის TI-ს, მეორე მხრივ კი „საბოტაჟის საქმის“ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში იძიებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას.
სწორედ ამ საქმის ფარგლებში შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს დაადეს ყადაღა. რამდენიმე მათგანის წარმომადგენლები უკვე გამოკითხეს.
დღეს, 5 სექტემბერს, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თქვა, რომ „ამ პროცესების მიზანი არის სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა“.
ფორუმი




