სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეს. კერძოდ, 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმასა და 2008 წელს მკვლელობაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსნის შეწყალებას.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეების განხილვისას ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დარღვევას, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას გულისხმობს. ასევე, სასამართლომ 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ არ დარღვეულა კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობის მუხლიც.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ სააკაშვილს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. ამასთან, სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივრები კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით. სასამართლო მიუთითებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან იყო ფარული მოტივი, რომ ხელი შეშლოდა ქართულ პოლიტიკაში მის მონაწილეობას.
“სასამართლომ ამ კუთხით გაითვალისწინა, რომ წაყენებული ბრალდება ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ იყო სერიოზული და საფუძვლიანი, საქმის მასალებში მის წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ისე თანმიმდევრული მტკიცებულებები არსებობდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჩაატარეს სრულად შეჯიბრებითი პროცესი, რა დროსაც მისმა ადვოკატებმა შეძლეს ყველა მთავარ მოწმესთან დაპირისპირება, მტკიცებულებების გასაჩივრება და უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებები სათანადოდ იყო დასაბუთებული”, – ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.