სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის €153 600 გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთათვის ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა.
ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა.
22 ადამიანს შორის, რომელთა ინტერესებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა, მშვიდობიანი აქციის 10 მონაწილე, მედიის 11 წარმომადგენელი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით შემთხვევით აღმოჩენილი 1 მოქალაქეა.
“საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა და არაპროპორციულობა, დაკავების და შემდეგ პერიოდში არასათანადო მოპყრობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, გამოძიების არაეფექტიანობა, რაც მათ შორის, ვლინდებოდა გაჭიანურებულ გამოძიებაში, სტატუსის მინიჭების პრობლემებში და ა.შ. ამ ყველაფერთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, გაიზიარა საიას არგუმენტები და დაადგინა მე-3 მუხლის, ანუ წამების აკრძალვა. ამასთან ერთად, სახელმწიფოს დააკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით”, – აცხადებს ორგანიზაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება, რომელიც შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. მიუთითა ისიც, რომ 4-ნახევარი წლის შემდეგ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული. სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში.
“სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი, არ არსებობს ოფიციალური, სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას”, – აცხადებს საია.