სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც სტიქიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება და მათ შორისაა მედიასთან დაკავშირებული საკითხების.
„ზოგადად, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. არის რაღაც მოვლენები, რასთან დაკავშირებითაც სპეკულაციები არის მიუღებელი და სტიქია არის ერთ-ერთი ასეთი. სტიქიის დროს, ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება, მათ შორის, მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. სპეკულაციები განსაკუთრებულად მიუღებელია ასეთ პერიოდში,“- აღნიშნა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
