ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში მოიხადა “ოვალურ ოფისში მომხდარ იმ ინციდენტზე” წერილში, რომელიც მან ტრამპს გაუგზავნა. უიტკოფმა ეს თქვა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.
ზელენსკის, ტრამპს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა 28 თებერვალს, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ზელენსკიმ სინანული გამოთქვა მომხდარზე და აღიარა, რომ შეხვედრა არ წარიმართა ისე, როგორც იგეგმებოდა.
“დადგა ყველაფრის გამოსწორების დრო. ვისურვებდით, მომავალი თანამშრომლობა და ურთიერთობა კონსტრუქციული იყოს” – წერდა ზელენსკი პლატფორმაზე X.
უიტკოფის სიტყვებიდან ბუნდოვანი რჩება ის, თუ კონკრეტულად რა შეტყობინება გაუგზავნა ზელენსკიმ ტრამპს, და როდის მოხდა ეს.
4 მარტს ტრამპმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო და განაცხადა, რომ მადლობელია ამ შეტყობინების გამო. აშშ-ში უკრაინის ელჩი მაშინ ამბობდა, რომ ტრამპი ციტირებდა ზელენსკის მიერ პლატფორმაზე X განთავსებულ შეტყობინებას, და ცალკე წერილი უკრაინის პრეზიდენტს არ გაუგზავნია.
ვოლოდიმირ ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინფტონში ჩავიდა ხელშეკრულების გასაფორმებლად თანამშრომლობაზე უკრაინის ბუნებრივი რესურსების მოპოვების სფეროში. შელაპარაკების შემდეგ დოკუმენტის ხელმოწერა გადაიდო. ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ იგი მშვიდობას არ ესწრაფვის. ამას მოჰყვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერება.
სტივ უიტკოფი წევრია აშშ-ის დელეგაციისა, რომელიც 11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებას. დელეგაციაში ასევე შედიან სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი.
უკრაინის დელეგაციის სათავეშია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი, მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.
ვოლოდიმირ ზელენსკი 10 მარტს ჩავიდა ჯედაში, თუმცა შეხვედრაში მონაწილეობას არ გეგმავს.
