სტარტაპი „დაშდუ“ ასორტიმენტის გაფართოებას და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

„დაშდუ“ ქართულ ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა. კომპანია აწარმოებს თაფლს, საპნებს, ფიჭის სანთლებს და სვანურ მარილს. ამჟამად, კომპანიაში 3 ადამიანია დასაქმებული. მისმა საწყისმა კაპიტალმა 4000 ლარი შეადგინა.
როგორც „დაშდუს“ დამფუძნებელმა, თამარ ფურელიანმა განაცხადა, აწარმოებს ნატურალურ პროდუქტებს და მათი ყიდვა ონლაინაა შესაძლებელი. მისი თქმით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია თაფლი და საპონია.
„სულ რაღაც ერთი თვის წინ გამოვჩნდით ბაზარზე. ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ თაფლს, თაფლისგანვე დამზადებულ საპონს, ფიჭის სანთლებს და სვანურ მარილს.
გვყავს 25 ოჯახი ფუტკარი და წლის მანძილზე 1 ტონამდე თაფლს ვიღებთ.
დაინტერესება დღითი დღე იზრდება. რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, ამ მცირე პერიოდში, უცხოელები დაინტერესდნენ და მათგან რამდენიმე შეკვეთაც გვქონდა. მათ შორის, კორპორატიული შეკვეთაც.
ამ ეტაპზე, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია საპონი და თაფლია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერს ნატურალურს ვიყენებთ. საპნებშიც კი, ფერის მისაცემად მცენარეების დამუშავებით მიღებულ ფერებს ვიყენებთ“.
აღნიშნული პროდუქციის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:
გაზაფხულის თაფლი (1კგ) – 22ლარი; წაბლის თაფლი (1კგ)- 25ლარი;
საპნები- 3 ლარიდან 15 ლარამდე;
სანთელი- 15 ლარამდე;
სვანური მარილი (1კგ) – 30ლ (100 -გრამიან შეფუთვებშიცაა მისი ყიდვა შესაძლებელი)
„დაშდუს“ დამფუძნებლის თქმით, წინააღმდეგობები შესაფუთი მასალების მოძიებაში შეექმნათ.
„თავდაპირველად, შესაფუთი მასალების მოძიება გაგვიჭირდა (ფასების მხრივ). თუმცა, საბოლოოდ, ქართულ საწარმოს მივაგენით, რომლებიც შესაფუთ მასალებს აწარმოებენ და მათთან ვთანამშრომლობთ“.
უახლოეს მომავალში, იგეგმება ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. ზაფხულის ბოლოსთვის კი ფიზიკური მაღაზიის გახსნა.
„უახლოეს მომავალში, იგეგმება ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. საპნის მიმართულებით გვაქვს განვითარების სურვილი. ფორმების დამატება და სხვა ფუნქციის შეძენაც.
ჩვენი გათვლებით, ზაფხულის ბოლომდე ფიზიკურ მაღაზიასაც გავხსნით. ჯერ ცნობადობის გაზრდა გვჭირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე