შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, „სპეცრაზმის“) ყოფილმა უფროსმა, მშვიდობიანი აქციების ჩახშობის საფუძვლით აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ზვიად („ხარება“) ხარაზიშვილმა შიდა ქართლში ტაძრის მშენებლობა დააფინანსა. მისი თქმით, ტაძარი 7 წელს შენდებოდა.
ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ამავე ტაძარში კვირას, 7 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ამბიონიდან ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ხარაზიშვილს „ტაძრის აშენებისთვის“.
საუბარია სოფელ საღოლაშენის წმ. ეკატერინეს ტაძარზე. მიტროპოლიტმა იობმა „ხარებასთან“ ერთად დაასახელა ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი, როგორც „ქტიტორი“, ანუ საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი.
მიტროპოლიტმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში წმინდა ქალწულმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარი კვირას, 7 დეკემბერს, აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად კი დეკანოზი იოანე გურეშიძე დაადგინა.
„მადლობა ქტიტორებს, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერაზადიშვილს, რომლებმაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს… ღმერთმა შეუწიროს ბატონ ზვიადს, ბატონ სლავას მისი საქმე“, – თქვა მღვდელმთავარმა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ტაძრის აშენება მარტო ფულით არ ხდება, ფული ძალიან ბევრს აქვს დღეს და აზრადაც კი არ მოსდის, რომ ტაძარი ააშენოს. ეს არის რჩეულთა ხვედრი, ადამიანს ირჩევს უფალი, რომ ტაძარი ააშენოს და რაღაც დამსახურება აქვს ალბათ ღვთის წინაშე ასეთ ადამიანებს“, – განაცხადა მან.
წირვას ზვიად ხარაზიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა.
· ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“) არის გდდ-ის ყოფილი უფროსი. მას ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შეერთებულისა შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ; ასევე, სავიზო სანქციები – ბალტიის ქვეყნებისა და ჩეხეთის მიერ.
· სანქციების მიზეზია 2023-24 წლების საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მონაწილეობა – სპეცრაზმმა აქციები არაერთხელ დაარბია. სანქციები ასევე დაეკისრათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ჩინოვნიკებს, მათ შორის ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
· BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების წყლის ჭავლით დაშლისას, სავარაუდოდ, გამოიყენეს ტოქსიკური ქიმიური აგენტი ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ – რასაც „ქართული ოცნების“ მთავრობა უარყოფს.
· სლავა შერაზადიშვილი კი არის ბიზნესმენი, რომლის კომპანიასაც, „საბა კონსტრაქშენს“ (რომელსაც ფლობს „საბა ინვესტის“ გავლით), 1,5 მლრდ-მდე ლარის ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული სახელმწიფო შესყიდვებით. ის ასევე არის ძიუდოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; 2024 წელს 175 000 ლარით დააფინანსა ჭიდაობის ტურნირი მშობლიურ სოფელ ძლევიჯვარში. ადგილობრივი გამოცემა „მოზაიკის“ ცნობით, ის „ქართულ ოცნებას“ „ეხმარებოდა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
დღეს, 8 დეკემბერს, „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბარში ხარაზიშვილმა მოკლედ განუცხადა: „შვიდი წელია შენდება, რა, რომ იცოდე“. სხვა კომენტარი არ გაუკეთებია.
რადიო თავისუფლების არქივში მოიძებნება მასალები, რომლებშიც სპეციალისტებზე დაყრდნობით აღწერილია კერძო პირების მიერ ეკლესიების მშენებლობის დაფინანსების მიზნები. ამ მასალების თანახმად:
· კერძო პირების მიერ ეკლესიების შენება ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია;
· ეკლესიებს, საპატრიარქოს სუბიექტების გარდა, აშენებენ ბიზნესმენები, ზოგჯერ კრიმინალური სამყაროს წევრებიც;
· ამ გზით ისინი მოიპოვებენ ძლიერი ინსტიტუციის წარმომადგენლების მხარდაჭერას;
· ეს არის ერთგვარი არაფორმალური გარიგება, – ეკლესიის აშენებით, თანხის შეწირვით ან სხვა ტიპის ფინანსური შეთანხმებით კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად და იმუნიტეტის შესაქმნელად.
ეკლესია აშენებული აქვს აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ კიდევ ერთი პირს – ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.
მან დააფინანსა ტაბახმელის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
სანქცირების შემდეგ ფარცხალაძემ 4089 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა, – რომელზეც ეკლესია არის აშენებული, – შვილს, ანდრია ფარცხალაძეს, გადაუფორმა.
შეერთებულის შტატების მთავრობამ ფარცხალაძეს, – „ქართველ-რუს ოლიგარქს“, „ეფესბეს“ ოფიცრის პარტნიორსა და დამხმარეს – „საქართველოზე რუსეთის მანკიერი გავლენების“ პასუხად დაუწესა სანქციები 2023 წელს. ბრიტანეთმა – 2025 წლის 19 სექტემბერს.
ფორუმი



