კოალიციის „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ასახელებს შეთანხმების პირობებს, რომელზე ხელმოსაწერადაც მზადაა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკების შედეგად 9 პუნქტი შეთანხმდა.
მათ შორის, გაერთიანება ნომერი 9-ის ქვეშ, პარიტეტული მმართველობა.
„შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში, პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის და იყო რამდენიმე სახელი დასახელებული. გუშინწინ დავტოვეთ პრეზიდენტის სასახლე იმ შეგრძნებით, რომ მეორე დღეს სია უნდა მიგვეტანა. ამ განწყობით მივედი გუშინ შეხვედრაზე. ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც პრაქტიკულად ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ, რაც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ თუ გვინდა, გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მართვაზე, მაშინ უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოთქმის უფლება აქვთ“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მისი კოალიციური პარტნიორები — ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე — პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს, რის შემდეგაც ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ეს გაერთიანება არის ქვეყნისთვის საჭირო.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ცხრა პუნქტში იყო 20 ივნისის, ანაკლიის პორტის და წერილის საკითხები, რომლებიც გამოძიებულ უნდა იქნას დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში,
„ჩვენი ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს ინდულგენციას აძლევს“, — თქვა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ გახარიას ასევე შესთავაზა, რომ არცერთი მათგანი არ ყოფილიყო საარჩევნო სიაში და მხარი ახალგაზრდებისთვის დაეჭირათ.
„მე ცალმხრივად არ შემითავაზებია და ეს დოკუმენტში წერია. შეიძლება, გახარიამ ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის და ვუთხარი, რომ მზად ვარ ეს პუნქტი შევცვალოთ. გუშინვე დავუდასტურე, რომ თუ სურვილი აქვს იყოს სიაში, შესაბამისად, მეც მასთან ერთად“, — დასძინა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, დღეს გახარიას მიერ წამოყენებული პირობების შესრულება ტექნიკურადაც შეუძლებელია, ვინაიდან არჩევნებამდე მცირე დრო დარჩა და ახალ ნომრით კამპანიის მომზადება შეუძლებელია.
„დღეს მოვისმინეთ, რომ მან დასვა წერტილი და შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, მე მგონია, რომ რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს. ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით. დღესაც მზად ვართ ხელი მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, რაც პრეზიდენტთან იქნა შეთანხმებული, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ხვალ დილიდან ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას. ვგრძნობ, რომ არ მოხდება, იმიტომ, რომ მესმის, რომ გუშინ ცუცქირიძე იყო პრობლემა, დღეს შეიძლება სხვა რაღაც პლატფორმა“, — განაცხადა ხაზარაძემ.
გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები გაერთიანებაზე პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობდა და შეთანხმების გარეშე დასრულდა.
გიორგი გახარიას პირობა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად არის ნეიტრალური პლატფორმა, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთანა“.