სპეციალური საგამოძიებო სამსახური გენერალურ პროკურატურას უერთდება, ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია “ფორმულამ” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, მოგვიანებით უწყებაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს გავრცელებული ცნობა, დეტალების განმარტების გარეშე.
“გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები”.
ორი უწყების შერწყმის თაობაზე ცნობა დაადასტურეს გენერალურ პროკურატურაშიც. რადიო თავისუფლება დამატებით დეტალების გარკვევას პარლამენტისგან ცდილობს.
ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დავალებიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
ე.წ. ცხრა დათქმიდან მეშვიდეში ევროკომისიამ ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ უწყების შესახებ კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შეცვალოს.
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მანდატით აღჭურვილი უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური – 2019 წელს შეიქმნა.
2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ნაჩქარევად მიღებული კანონის საფუძველზე, 2022 წლის 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებამდე სამოხელეო დანაშაულებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა, მათ შორის მაშინაც კი, თუ კანონდამრღვევი პროკურორი იყო. დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების მიუხედავად, „პროკურატურის ხელი“ არსად წასულა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის ნებართვა (შუამდგომლობა) სჭირდება:
· იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება სჭირდება;
· იმ მოწმის სასამართლოს წინაშე გამოსაკითხად, რომელმაც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი თქვა;
· 112-დან კამერების ჩანაწერების გამოსათხოვად;
· სხვისი ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების დროს;
„რეალურად, ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის გარეშე შეუძლია ჩაატაროს, ამოცნობაა“, – ამბობდა ლონდა თოლორაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შარშან. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამი წელი ხელმძღვანელობდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათეულობით საჩივარია შესული პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა არცერთი საქმე, რომლებიც ამ მუხლებითაა აღძრული, ამ დრომდე გამოძიებული არ არის, არ არის გამოვლენილი არცერთი სავარაუდო ბრალდებული.
არ არის გამოძიებული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც.
ფორუმი
