აპსნიპრესის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა აფხაზეთში, გალის რაიონის ქვედა ზონაში, “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი გამოავლინეს”.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ვებგვერდზე წერია, 2025 წლის მაისში უცხოელი მოქალაქეების ორი ჯგუფი დააკავეს.
“ერთ ჯგუფში იყვნენ თურქეთის ორი მოქალაქე — სელჩუქ გიურენი, 1997 წელს დაბადებული, რომელიც ოპერატიული მონაცემებით საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული ინტერპოლის ხაზით თურქეთში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობის გამო, და დოღან ბერსანი, 2001 წელს დაბადებული, რომელიც ასევე ძებნილია მკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ბრალდებით. 2025 წლის 26 მაისს დაკავებული იყვნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები — აზიზოვ ჰასან ეტიბარ-ოღლი, 1974 წელს დაბადებული, და ტახმაზლი ნამაზ ტახმაზ-ოღლი, 1990 წელს დაბადებული. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად ცდილობდნენ აფხაზეთში დამალვას”, – წერია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
აფხაზური მხარის ცნობითვე, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა “აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე”.
