სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოებას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და შესაბამის პერსონალს მოამზადებს.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
ამ მიზნით ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს დელეგაცია აფხაზეთს ეწვია. კერძოდ, სოხუმის აეროპორტში აფხაზურ მხარესთან სამუშაო შეხვედრა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოლეგ კალინკინმა, სოჭის აეროპორტში პოლიციის ხაზოვანი განყოფილების უფროსმა, სერგეი დემინმა და ვნუკოვოს აეროპორტის ანალოგიური განყოფილების უფროსმა, ვიქტორ მოროზოვმა გამართეს. მათ აეროპორტში, რკინიგზასა და საზღვაო მიმართულებით პოლიციის განყოფილების მუშაობის საკითხები განიხილეს.
„აფხაზეთში ჩავედით, რომ სოხუმის აეროპორტში, ასევე, რკინიგზისა და წყლის ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენს კოლეგებს დავეხმაროთ. დავათვალიერეთ აეროპორტი, შევხვდით აღმასრულებელ დირექტორს, ავიაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. აფხაზეთის შინაგან საქმეთა უწყებებს შორის ურთიერთქმედების საკითხები, მათ შორის, აეროპორტის ხელმძღვანელობასთან განვიხილეთ, რომელიც საჰაერო მიმოსვლის ორგანიზებასა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ასევე, განვიხილეთ ლოგისტიკური მხარდაჭერის რიგი საკითხები,“ – აცხადებს კალინკინი.
გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომ სოხუმის აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი გადასახადი დაწესდეს. კერძოდ, დღგ-სგან თავისუფლდება დაშვებისა და აფრენის მომსახურება, საწვავის შევსება და სხვა აუცილებელი სერვისები, რასაც ავიაკომპანიები სოხუმის აეროპორტში იღებენ.
შედარებისთვის: სოჭის აეროპორტში, რომელიც წელიწადში 12 მილიონამდე მგზავრს იღებს, ამ მომსახურების ღირებულება, სოხუმთან შედარებით, 5-10-ჯერ დაბალია. აფხაზური და რუსული მხარეები, ასევე, საჰაერო ნავიგაციის გადასახადის განაკვეთებს ადგენენ, რომლებიც რუსეთის შიდა განაკვეთების შესაბამისი იქნება.
ცნობისთვის: თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს და ორენბურგში ბაზირებულ „იკარის“ შემდეგ სოხუმში კიდევ ერთი სანქცირებული ავიაკომპანია, Nordwind Airlines-იც იფრენს. ამჟამად რეისები სოხუმში მოსკოვიდან და ნიჟნი-ნოვგოროდიდან სრულდება. პირდაპირი ფრენების დაწყება ყაზანიდან, უფადან და ნალჩიკიდანაც იგეგმება.
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ აღდგა.
წყარო
