„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის პროექტს აფასებს და მიიჩნევს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არც სამშვიდობო პოლიტიკის და არც არაღიარების პოლიტიკის ჩარჩოში არ თავსდება, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დუმილი ეჭვებსა და კითხვის ნიშნებს წარმოშობს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოფიციალური თბილისის უმოქმედობა და დუმილი გალში მიმდინარე სატრანზიტო პროექტთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს თბილისსა და მოსკოვს/სოხუმს შორის შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ.
„ბოლო კვირების მანძილზე რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია გალის რაიონში, ენგურის მიმდებარედ, ახალი სატრანზიტო/საბაჟო ტერმინალის მშენებლობის შესახებ, რომელიც, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტის შესახებ საჯაროდ საუბარი 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა სატრანზიტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ 2023 წლიდან იყო ცნობილი. როგორც აფხაზეთში აცხადებენ, ენგურის ახლად აშენებული „საბაჟო ტერმინალი“ უკვე თითქმის მზად არის ტვირთების გასატარებლად და დარჩენილია სისტემის მხოლოდ ტექნიკური აღჭურვა.
ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე რეაგირება არც ერთხელ მოუხდენია, ოფიციალურმა პირებმა მხოლოდ უარყვეს რაიმე ფორმალური შეთანხმების არსებობა აფხაზურ/რუსულ მხარესთან. ოფიციალური თბილისის უმოქმედობა და დუმილი გალში მიმდინარე სატრანზიტო პროექტთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს თბილისსა და მოსკოვს/სოხუმს შორის შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა არ წარმოადგენს იზოლირებულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას და ვერ განიხილება ნეიტრალურ ეკონომიკურ პროექტად.
„არსებული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებასთან, რომელიც მიზნად ისახავს სანქციების რეჟიმის შესუსტებას, რუსეთის ეკონომიკური იზოლაციის გვერდის ავლას და აფხაზეთში ოკუპაციის კონსოლიდაციას. ამ პროცესში აფხაზეთი ფუნქციურად გადაქცეულია ტრანზიტულ სივრცედ და, თუ ინფრასტრუქტურის გამოყენება ჩაეშვება, საქართველოს როლი გასცდება უბრალოდ „გამტარის“ სტატუსს და ის გახდება სავაჭრო-საბაჟო სქემის მონაწილე, რაც განსაკუთრებით პრობლემურია.
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მსგავსი ტერმინალის ფუნქციონირება უხეშად ეწინააღმდეგება როგორც ოკუპაციის სამართლებრივ ჩარჩოს, ისე არაღიარების პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. დე-ფაქტო რეჟიმის მიერ „საბაჟო“ და „სასაზღვრო“ ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს სუვერენული უფლებების თვითნებურ მითვისებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლების დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესის მიმართ ფაქტობრივად ასუსტებს ქვეყნის მიერ დეკლარირებულ სამართლებრივ პოზიციებს და ქმნის ლეგიტიმაციის რისკს.
არანაკლებ პრობლემურია სამშვიდობო პოლიტიკის პერსპექტივაც. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები და სატრანზიტო პროექტები თეორიულად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის ინსტრუმენტად, გალის ტერმინალის შემთხვევაში არ იკვეთება არც ინკლუზიური დიალოგი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტაცია და არც საერთაშორისო შუამავლების ჩართულობა. პირიქით, პროცესი ხასიათდება დახურულობით, გაუმჭვირვალობითა და ულტიმატუმის ენით, რაც შერიგების ლოგიკას საფუძვლიანად ეწინააღმდეგება.
საბოლოოდ, გალში სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობა აჩენს სერიოზულ კითხვებს საქართველოს საგარეო და სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული რეაგირების, საერთაშორისო პლატფორმებზე საკითხის აქტიურად დაყენებისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების არქონა არა მხოლოდ ასუსტებს არაღიარების პოლიტიკას, არამედ ქმნის შთაბეჭდილებას სტრატეგიული უმოქმედობისა, რომელიც ემსახურება რუსეთის ანექსიურ ინტერესებს რეგიონში. ამ ვითარებაში აუცილებელია შეიქმნას სივრცე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსიებისთვის, რომელიც ჩამოაყალიბებს სამართლიან პოზიციებს, რომელიც თანადროულად დაეფუძნება საერთაშორისო სამართალს, რეალურ სამშვიდობო მიზნებსა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების პატივისცემას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.




