“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” – ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო – ვაგრძელებთ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას

ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო – , ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას.
“გვინდა საზოგადოებას, ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს, ბენეფიციარებს ვაცნობოთ, რომ 2025 წლის 19 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და ის სასამართლოსგან ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით შეუზღუდავი ინფორმაციის მიღებას ითხოვს. მოთხოვნა შეეხება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ სრულ სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს და, რაც ყველაზე მძიმეა, უფლებადაცვითი და იურიდიული დახმარების პირობებში ჩვენი ბენეფიციარებისთვის გაწეული მხარდაჭერის ამსახველ სრულ ინფორმაციას.
სასამართლო ჩვენგან ინფორმაციას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს (და არა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ე.წ. ფარა-ს საფუძველზე), თუმცა სასამართლოს მიერ მითითებული მუხლებსა და პირობებს ჩვენს საქმიანობასთან არ აქვს შემხებლობა და სრულიად არარელევანტურია (იხ. ჩვენი ვრცელი სამართლებრივი შეფასება კომენტარში).
სასამართლოს ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს დასახელებულ პერიოდში ყველა ტიპის ინფორმაციას და არ ადგენს შემოწმების მიზანზე დაფუძნებულ საზღვრებს და ფარგლებს. ამავდროულად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოუდგენლად ვრცელ მონაცემებს მოიცავს და პრაქტიკულად სახელმწიფოს სრულ და ტოტალურ კონტროლს უქვემდებარებს ჩვენს საქმიანობას. მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე ვრცელდება ბენეფიციარების პირად ინფორმაციაზე, ორგანიზაციულ კორესპონდენციებსა და მიმოწერებზე, რაც ჩვენს საადვოკატო და უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში და უკანონო ჩარევაა.
გუშინ, 18 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია მიმართულია გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ და ამ პროცესში სრულად არის უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მოთხოვნის მსგავსად, ანტიკორუფციული ბიურო ჩვენგანაც პირდაპირ ითხოვს ბენეფიციარების პირად ინფორმაციას.
ჩვენთვის აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, სამართალწარმოების პროცესის დაწყება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობას და მიზნად ისახავს ჩვენს პარალიზებას და გაჩუმებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ აპირებს გაჩერებას და ამავდროულად გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, საკუთარი და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. Ამასთან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი შრომა და ბრძოლა ადამიანის უფლებების, სოციალური კეთილდღეობისა და დემოკრატიის დასაცავად გაგრძელდეს.
ამავდროულად, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში მიღებულ პროფესიულ საიდუმლოებას და არ გავამხელთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ასობით ადამიანის, მათ შორის, ქალების, ბავშვების, შშმ პირების, მშრომელების, ქვიარების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, უცხოელების, გარემოსდამცველების, პატიმრების, სასულიერო პირების პირად ცხოვრებას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ივნისს, ანტიკორუფციული ბიუროს წერილი გაეგზავნა სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებსაც, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდს”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს” და “საქართველოს მომავლის აკადემიას”. ჩვენ სოლიდარულები ვართ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ და მზად ვართ, მათთან ერთად ვიბრძოლოთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, დაფუძნების დღიდან იცავს ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ჩაგრული ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია 12 წელზე მეტია აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობაშია ჩართული და პარალელურად ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო საქმიანობას და არა ერთი სოციალური მოძრაობისა და თემის მხარდამხარ იბრძოდა უფრო დემოკრატიული, სოლიდარული და ეგალიტარული საზოგადოების და სისტემების მშენებლობისთვის. ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ავტორიტარიზმის მძიმე კონტექსტისა და რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, გვექნება შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი საქართველოსთვის, – აღნიშნულია განცხადებაში.