სოციალური გაზის სუბსიდირება ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის მძიმედ გადასატანია – გია არაბიძე (bm.ge)

სოციალური გაზის სუბსიდირება და დაბალი ფასი ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის საკმაოდ მძიმედ გადასატანია – ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.
მისი თქმით, ამის გამოა, რომ კორპორაციას ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები აღარ განუხორციელებია. მაშინ, როცა გასულ წლებში, თბოსადგურები „გარდაბანი 1“ და „გარდაბანი 2“ კორპორაციის თანხებით აშენდა.
“სამომხმარებლო ტარიფი და თბოელექტროსადგურებისათვის მიწოდებული გაზის ფასი რომ არ გაზრდილიყო, კორპორაციამ სოციალურ გაზში შემავალი შესასყიდი ფასის ნაწილი დაწია და საკმაოდ დაბალზეც. თუ არ ვცდები, 160 დოლარი იყო და 100-90 დოლარამდეც ჩამოვიდა. მაგრამ ახლა უკვე საშიშროება არის იმისა, რომ თვითღირებულებაზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. ამიტომ ჩვენ სოციალური გაზი გვაქვს საკმაოდ დაბალ ფასად, რომელიც კორპორაციისათვის ძალიან მძიმედ გადასატანია და ძნელად მოსანელებელია. რამდენი ხანია კორპორაციას სერიოზული პროექტი აღარ გაუკეთებია. მაშინ, როცა „გარდაბანი 1“ და „გარდაბანი 2“ კორპორაციის თანხებით აშენდა. ჩვენი ტარიფები – გნებავთ ელექტროენერგიის ან გნებავთ გაზის, ეს არის სოციალური ტარიფები და არა დარგის განვითარებისთვის საჭირო ტარიფები” – ამბობს გია არაბიძე.
2013 წლიდან ნავთობის და გაზის კორპორაცია მოსახლეობისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ირიბი სუბსიდირებით არის დაკავებული, რაც კომპანიისთვის ყოველწლიურად, ასობით მილიონი ლარის მიუღებელ შემოსავალს წარმოშობს. 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობამ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციას” 230 მილიონი ლარის კრედიტი გამოუყო. აღნიშნული სესხის მიზნობრიობას კომპანიისთვის საოპერაციო სახსრების მიწოდება წარმოადგენდა. GOGC-ის საქართველოს მთავრობისგან კრედიტის მიღება დასჭირდა იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფინანსური შედეგები გაუარესებული იყო.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 200 მილიონი ლარის სესხის დაფარვა, რომელიც კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში აიღო 2025 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. დაასრულა თუ არა სესხის გადახდა კორპორაციამ, BMG-მ კომპანიას კითხვით მიმართა.