„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განაცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული, თუმცა დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.
მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება“, ამიტომ მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
„ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ხედავთ, რა ხდება გარეთ, რა ხდება საქართველოს მასშტაბით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვერ წაართმევს მომავალს, ჩვენ ქვეყანას ვერ წაართმევს ევროპულ მომავალს. რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენ წარსულს, მომავალს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ საქართველო გაარუსოს, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებს. დიახ, ჩვენ დღეს ვართ ერთიანები, ყველა ვდგავართ ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა. დეტალებზე კომენტარს შეხვედრის შემდგომ გავაკეთებთ. მთავარია, რომ ვართ ერთიანები და მთავარია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.