სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი თანხის თაღლითურად დაუფლებაზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 4 ადამიანი დააკავეს:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას.
გამოძიების ამ ეტაპზე, გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოვლინდა და სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ელიტმშენის“ და კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეული“-ს ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დადასტურებულია ბრლადებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.
გამოძიებით დგინდება, რომ კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ: (ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან“ თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს „ელიტმშენმა“, კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.
თავის მხრივ ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოწერის გზით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქტიური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ს თანხა 2000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქტიური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით , 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.“