13 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე მოითხოვენ ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა გასული წლის 13 დეკემბერს ჩატარდა, სადაც მთავარი განსახილველი თემა 2023 წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო. ამ საკითხზე დისკუსია 117-ე შეხვედრაზეც გაგრძელდება. კირბალის ლომისის ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თამაზ გინტური მოკლეს, ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს.
საოკუპაციო ხაზს, რომელსაც ცხინვალი საზღვარს უწოდებს, რუსეთის “ეფესბე” დარაჯობს. 58 წლის თამაზ გინტური, რომელიც ეკლესიაში თანასოფლელებთან ერთად იყო ასული, 2023 წლის 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, გაიტაცეს მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი, რომლის გათავისუფლებაც სამ დღეში მოხერხდა. საქართველოს ხელისუფლება დამნაშავის დასჯას მოითხოვს.
შს სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ, 2023 წლის 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.