სომხეთში კონიაკის მწარმოებლებმა საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს – რას ითხოვენ?

დღეს, სომხეთში კონიაკის მწარმოებლებმა საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მეწარმეები სომეხი ექსპორტიორების საზღვარზე უმიზეზო შეყოვნების შეწყვეტას ითხოვდნენ.
„საქართველოში გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ტერმინალზე ექსპერტიზის საბაბით სხვადასხვა ქარხნის ტვირთებს აჩერებდნენ. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და ექსპერტიზის ჩატარების არანაირი ამოცანა აქ არ დგას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კონიაკის მწარმოებელი კომპანია „პროშანის“ ექსპორტის სპეციალისტმა გაიანე პოღოსიანმა.
მისი თქმით, აქციის საშუალებით ისინი პრობლემის გადასაწყვეტად ცდილობენ მათი ხმა ყველა შესაძლო გზით გააჟღერონ. „განმარტებას ვითხოვთ, რის საფუძველზე აჩერებენ იქ ჩვენს ავტომობილებს? ამბობენ, რომ ზოგიერთ მანქანას არ აჩერებენ. ჩვენ ამ კითხვაზეც ველით პასუხს, რის საფუძველზე ხდება ეს?“, – განაცხადა პოღოსიანმა.
სპეციალისტის ინფორმაციით, მათი მანქანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა და აქამდე საზღვარზე იმყოფება. ექსპერტიზის შედეგები კი ჯერაც არ არის. თუ ადრე ტვირთი 4-7 მანქანით გადიოდა, ახლა გადაზიდვები გაჩერებულია. „ყოველკვირეულად ტვირთი 1-2 ავტომობილით გადის. ეს არამხოლოდ სამუშაოს აჩერებს, არამედ ფინანსურ ზარალსაც გვაყენებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს პოღოსიანმა და დაამატა, რომ მათ აღნიშნული საკითხით სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართეს, თუმცა უწყების პასუხი ჯერ არ მიუღიათ.