სომხეთში სამართალდამცავებმა დააკავეს სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა გევორქ ნერსისიანი და მისი ძმისშვილი, ამბარცუმ ნერსისიანი. ოფიციალური ცნობით, დაკავების საფუძველი გახდა განცხადება, რომელიც საგამოძიებო ორგანოში 2 ნოემბერს პარტია „რესპუბლიკის“ წევრმა და ეჩმიაძინის მერობის კანდიდატმა, არუთიუნ მკრტჩიანმა შეიტანა. მისი მტკიცებით, ნერსისიანები წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ.
ადვოკატის, არა ზოგრაბიანის განცცხადებით, ბრალდებები არარეალურია და საქმეში „დანაშაულის მინიშნებაც კი არ არსებობს“.
ზოგრაბიანის ინფორმაციით, ინციდენტი 1 ნოემბერს მოხდა: ამბარცუმ ნერსისიანი საკუთარ სახლთან იდგა, როცა ის მამაკაცმა გააჩერა და პარტია „რესპუბლიკის“ შეკრებაში მონაწილეობა შესთავაზა. ნერსისიანმა უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, საუბარი მშვიდობიანად დასრულდა და ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს.
ხელისუფლებასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში რამდენჯერმე დაიძაბა. 29 მაისს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე ეკლესია მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო არქიეპისკოპოს არშაკ ხაჩატრიანის პასუხს სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფით უპასუხა. პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა ფაშინიანისგან ბოდიში მოითხოვეს.
27 ივნისს შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მიკაელ აჯაპაიანი, რომელიც საკუთარი ნებით მივიდა გამოძიებაში, ძალოვნებმა დააკავეს. მას ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდება ედებოდა ბრალად, რისთვისაც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. მისი დაკავების მცდელობამ დაცვის ძალებსა და მორწმუნეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. აჯაპაიანს საბოლოოდ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ოქტომბერში სომხეთში ასევე დააკავეს ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი, რომელიც კათოლიკოს გარეგინ II-ის სხვა ძმისშვილია, ექვსი სასულიერო პირი და რამდენიმე მოქალაქე ბრალდებით, რომ ისინი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მასობრივ აქციებს აორგანიზებდნენ.




