სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 12% უკვე მზის ენერგოსადგურებზე მოდის, საქართველოში 0,5%-იც არაა – თორნიკე დარჯანია

რა პერსპექტივები აქვს მწვანე ენერგეტიკას საქართველოში და რა შესაძლებლობები არსებობს მზის ენერგიით ელექტოენერგიის წარმოების მხრივ, ამის შესახებ ლევან კობერიძის საავტორო გადაცემა „ბრენდი საქართველოში“ მზის ენერგიის ასოციაციის ხელმძღვანელმა თორნიკე დარჯანიამ ისაუბრა.
„მზის პანელები არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ინდივიდუალური ენერგოდამოუკიდებლობა განვითარდეს. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გაცნობიერებული თუ საიდან იწარმოება ელექტროენერგია და შესაბამისად, მათთვის ეს არ არის აქტუალური, გავაგებინოთ რომ ელექტროენერგიის წარმოება თავადაც შეუძლიათ.
რაც შეეხება სიძვირის ნაწილს, მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, ჩვენ 20-30%-ით გავაიაფეთ ეს პროდუქტი, რადგან გლობალურ ბაზარზე მზის პანელებზე გაიაფდა ჭარბი მოთხოვნისა და დიდი რაოდენობით წარმოებიდან გამომდინარე. დღეს ჩადებული ინვესტიცია იურიდიულ პირს შეუძლია 3-4 წელში და ფიზიკურ პირს 4-5 წელში ამოიღოს“, – აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისი თქმით, საქართველოში სასმელი წლის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია მთლიანად საკუთარი მზის პანელებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას იყენებს, რისი დამსახურებითაც მას ელექტროენერგიის ხარჯი განულებული აქვს. ასევე არიან კომპანიები, რომელთაც მზის ენერგიის გამოყენებით ელექტროენერგიის საკუთარი გადასახდელი 50-60%-ით უკვე შეამცირეს.
„ჩვენ ამ დროისთვის საქართველოში გვაქვს დაყენებული ჯამში 60 მეგავატამდე სიმძლავრის მზის პანელები, რომლებიც იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ არის გაკეთებული. ქვეყანაში არ გვაქვს მზის დიდი ენერგოსადგურები და სწორედ ეს არის პერსპექტივა. საქართველოში 2030 წლამდე უნდა დამონტაჟდეს 300-იდან 500 მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგურები. მინდა რომ ამ პერიოდისთვის შევძლოთ ამ ოდენობის ათვისება“, – განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.
როგორც მან განმარტა, სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 12% უკვე მზის ენერგოსადგურებზე მოდის, მაშინ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,5%-იც არ არის.