სომხეთმა რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ ს ელჩს საპროტესტო ნოტა გადაეცა. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საპროტესტო ნოტა რუსეთის ელჩს სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რუსი ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გადაეცა.
“გამოხატული იქნა მკაცრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მასმედიაში ღიად არამეგობრული, ხშირად კი მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ და აქტიურად ღვივდება ზოგიერთი ოფიციალური პირის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, პრესისა და ექსპერტული წრის წარმომადგენლების განცხადებებით” – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება
სამინისტროს მიხედვით, “განცხადებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში პირდაპირი ტრანსლაციისას გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და სომხეთის ხელისუფლების საქმიანობაზე მიზანმიმართული თავდასხმები მიუღებელია”.
ასევე, საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებები სომხეთისა და რუსეთს შორის ბოლო დროს მაღალი დონით განხორციელებული ვიზიტების დადებით შედეგებს ძირს უთხრის.
სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სახელმწიფო გადატრიალების აღსაკვეთად ჩატარებული ბოლოდროინდელი ქმედებები რუსი ოფიციალური პირების მიერ რუსეთის მიმართ არამეგობრულად შეფასდა.
“მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ აბსურდულია – გაუგებარია, როგორ და რატომ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა არამეგობრულ ქმედებად ჩაითვალოს – არამედ სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს მიხედვით, ნოტაში აღნიშნულია, რომ “იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად ტარდება, რათა ძირი გამოეთხაროს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ წესრიგს სომხეთის რესპუბლიკაში”.