სომხეთი დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით – ფაშინიანი

თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“.
პრემიერმა ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ქართველ კოლეგებს გააცნო სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტი – ინიციატივა, რომელიც მან თბილისში, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე წარადგინა ოქტომბერში.
„პროექტი მიმართულია რეგიონში ურთიერთობების ზრდისკენ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა გახდეს“, – განაცხადა მან 26 იანვარს, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, ისეთის, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა მსხვილი პროექტები, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“.
პრემიერ-მინისტრებს არ უთქვამთ, რა სახის შეიძლება იყოს ეს მონაწილეობა.
შავი ზღვის კაბელის პროექტის კონტექსტში სომხეთი პირველად 2023 წლის ოქტომბერში ახსენეს – ბრიუსელში.
ნიკოლ ფაშინიანისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის 6 ოქტომბრით დათარიღებულ საერთო განცხადებაში წერია: „ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელი“.
მოგვიანებით, 16 ნოემბერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტში სომხეთის შეერთების მნიშვნელობას“.
პროექტის ჩაშვებისას შეთანხმება ასეთი იყო: აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ Ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს მოაწერეს.