სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ახალი კონსტიტუცია, რომელიც რეფერენდუმის გზით უნდა იყოს მიღებული, რეგიონული მნიშვნელობის დოკუმენტი იქნება და ის არ არის დაკავშირებული ბაქოს მოთხოვნასთან, რასაც მას ოპოზიცია ედავება.
აზერბაიჯანი “სამშვიდობო ხელშეკრულების” პირობად ითხოვს სომხეთისგან, მისი კონსტუციიდან ამოღებული იყოს მთიანი ყარაბაღის ცნება. “სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ.
„ჩემს მიერ შეთავაზებული ახალი კონსტიტუციის იდეა ფართოდ განიხილებოდა და წარმოდგენილი იყო, თითქოს ეს აზერბაიჯანის მოთხოვნის შესრულებაა. სინამდვილეში, “რეალური სომხეთის” იდეოლოგიის ფარგლებში, მას სხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ პირობებში შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ტექსტს, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ექნება რეგიონული გავლენაც,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა აქამდეც განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მიზანია ისეთი ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელიც „ორგანულად იქნება დაკავშირებული სომხეთის მოქალაქეებთან.“
ოპოზიცია ფაშინიანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის აზერბაიჯანის მორიგ მოთხოვნას ასრულებს – კონკრეტულად, კონსტიტუციის ტექსტიდან დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამოღებას. სომხეთის ამჟამინდელი კონსტიტუციაში ნახსენებია მთიანი ყარაბაღი, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის ნაწილად.
სომხეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ახალი კონსტიტუცია ბაქოს მოთხოვნით მზადდება.
