ხდება ჩვენი ძალების გარკვეული მობილიზება ცხინვალის მიმართულებით, ამ დროს გამოდის, რომ თქვენ შვებულებაში ხართ, ისვენებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიაშია წასული, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და დავით კეზერაშვილი ქვეყნიდან გასული არიან – არავის არ აწუხებდა ქვეყანაში რა ხდებოდა? რანაირად მართავდით ქვეყანას მართლა ვერ ვხვდები, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა კომისიაზე მისულ ყოფილ შს მინისტრის მოადგილე შალვა ჯანაშვილს.
მისი თქმით, „ყველა ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებოდაო“.
„ერთი რაღაცის რეზიუმე უნდა გავაკეთო – რასაც ვისმენ სიტუაცია ასეთია: ყველა ამბობს, რომ დაახლოებით ერთი თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებოდაო, ცხინვალიდან დაწყებულია მოსახლეობის გაყვანა, ჩრდ. კავკასიაში რუსეთის ჯარების წვრთნა მიმდინარეობს, წვრთნა დამთავრდა და ნაწილები თავიანთ ბაზებზე კი არ დააბრუნეს, არამედ როკის გვირაბთან მაქსიმალურად ახლოს დატოვეს. ამის შესახებ საჯარო სივრცეშიც იყო ინფორმაცია და შეუძლებელია დაზვერვას არ სცოდნოდა. ხდება ჩვენი ძალების გარკვეული მობილიზება ცხინვალის მიმართულებით. ამ დროს გამოდის, რომ თქვენ შვებულებაში ხართ, ისვენებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი იტალიაშია წასული, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, რომელიც ძალიან ბევრ რამეს წყვეტდა უსაფრთხოების საკითხებში, ქვეყნიდან გასულია, კეზერაშვილი ქვეყნიდან გასულია. ტანკები და ჯარები 1 დღეში, 5 საათში რომ ვერ ჩავიდოდნენ, ეს ხომ თავისთავად ცხადია? რა ხდებოდა საერთოდ? დავიჯეროთ, რომ არ იყავით გასულები და სიმართლეს არ გვეუბნებით თუ არავის არ აწუხებდა ქვეყანაში რა ხდებოდა? რანაირად მართავდით ქვეყანას მართლა ვერ ვხვდები რა“, – განაცხადა სუბარმა.
კომისიის მდივანმა ჯანაშვილს ასევე მიმართა კითხვით, „2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს, რამდენი მხრიდან იდგა პოლიცია და დაუტოვეს თუ არა მოქალაქეებს გასასვლელი.“
ჯანაშვილმა უპასუხა, რომ მოქალაქეებს გასასვლელი ჰქონდათ, საპოლიციო დანაყოფი იდგა საკრებულოს შენობასთან, თუმცა მათ „რაციაში“ გადასცეს ინფორმაცია, რომ მომიტინგეების „კოლონიდან“ ერთ-ერთმა მანქანამ პოლიციელი იმსხვერპლა, რის გამოც ჯანაშვილის განმარტებით, პოლიციელები ხელმძღვანელმა პირებმა ვერ გააჩერეს და მოქალაქეების გასაქცევი არეალი ჩაიკეტა.
„თავიდან მომიტინგეებმა ხომ შეიღობეს თავიანთი თავი, გაჭიმეს „ტროსები“. რომ არ დაზარალებულიყვნენ ერთ-ერთ ჯგუფს დავალება ჰქონდა მიცემული, რომ ეს „ტროსები“ გაეჭრათ, გაუხსნეს გზა, იმისთვის რომ სასტუმრო „თბილისიდან“ მომავალი „კოლონა“ გასათავისუფლებლად მოდიოდა. საპოლიციო დანაყოფი იდგა საკრებულოს შენობასთან და ავტობუსები იყო განთავსებული,. ეს გასასვლელი თავისუფალი იყო. მაგრამ იქიდან მანქანების „კოლონა“ რომ დაიძრა, ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი გაიტანა და „რაციაში“ გადაიცა, რომ ეს თანამშრომელი დაიღუპა. ამ დროს ეს პოლიციელები იქიდან დაიძრნენ და გამოვიდა, რომ გასაქცევი არეალი ჩაიკეტა. ამ დროს ვურეკავ გია ლორთქიფანიძეს და ვეუბნები, რატომ წამოხვედით, ეგ ადგილი ხომ გასათავისუფლებელი იყო-თქო? მეუბნება – ვერ გავაჩერე, შალვა, რადგან რომ გაიგეს, რომ პოლიციელი მოკვდა, ვერ გავაჩერეო. ამიტომ იყო, იმ ხალხმა კანცელარიასთან ამოსვლა დაიწყო“, – განაცხადა ჯანაშვილმა.
