საგამოძიებო კომისიის 6-თვიანმა მუშაობამ დაგვანახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსწორებულა, არ გამოსწორდება, არაფერს ნანობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარლამენტის წევრებმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილეს.
როგორ სუბარმა აღნიშნა, ვერც კომისიის შეჯამება და ვერც დასკვნა ვერ ასახავს იმ დანაშაულთა სიღრმეს და სიმრავლეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში.
„შეჯამება, რომელიც თეა წულუკიანმა წარმოადგინა, იყო 6-თვიანი ძალიან მძიმე, დაუღალავი და ძალიან ემოციური მუშაობის შედეგი. თუმცა, ცხადია, ვერც ეს შეჯამება, ვერც ის ტომი, რომელიც დაიბეჭდა, ვერც ის დანართები ვერ ასახავს იმ სიმძიმეს, ვერ გამოხატავს იმ ემოციებს, რაც ამ კომისიაზე ჩვენ მოვისმინეთ. ვერ ასახავს იმ დანაშაულთა სიღრმეს და სიმრავლეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა თავისი მმართველობის პერიოდში. ეს აისბერგის წვერიც კი არ არის, ეს არის მცირე ნაწილი იმ უზარმაზარი დანაშაულებისა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს წინაშე და რასაც ისინი დღემდე აგრძელებენ. ძალიან რთული იყო ამ სხდომების მოსმენა. 10-15 წლის წინანდელი ტკივილები ცოცხლდებოდა საზოგადოებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ცოცხლდებოდა მსმენელისთვის. როცა განსაკუთრებით ემოციური ნაწილები იყო, ვფიქრობდით, ნეტა ახლა კამერა ჩვენკენ არ იყოს მოტრიალებულიო, იმდენად ძნელი იყო ამ ემოციების დამალვა, იმდენად მოუშუშებელია ეს ტკივილები. მოუშუშებელია ჩვენი ქვეყნის მთავარი ტკივილი, ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც მართლა უმძიმესი დარტყმა მიაყენა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა შეგნებულად, გამიზნული ქმედებებით თუ დაუფიქრებელი საქმიანობით. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი კომისიის დასკვნა. ეს არ არის მხოლოდ წარსული, ეს არის დღევანდელობა, რომლითაც ვცხოვრობთ და თუ გვინდა, რომ საქართველოში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ, ამისთვის წარსულის გაკვეთილებს თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვისწავლოთ ყველაფერი.
ამ 6-თვიანმა მუშაობამ დაგვანახა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოსწორებულა, არ გამოსწორდება, არაფერს ნანობს, არანაირი სინანული არ აქვთ. ერთადერთი რასაც ისინი ნანობენ, არის ის, რატომ დათმეს ძალაუფლება, რატომ არ გალეწეს სისხლის კალოები, რომ ბოლომდე შეენარჩუნებინათ მმართველობა. დღესაც, ყოველი სხდომის შემდეგ, თითოეული დაზარალებულის მიმართ, მიდიოდა ბულინგი, ლანძღა-გინება. იხსენებდნენ წარმოუდგენელ რამეებს, უახლებდნენ ამ ოჯახებს ტკივილებს. ადამიანს დანაშაული რომ აქვს ჩადენილი, ეს ამართლებს მის წამებას? ეს ამართლებს ამ ადამიანის დახვრეტას ქუჩაში? – რა თქმა უნდა, არა. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ წარმოუდგენელი ისტორიები, როდესაც ადამიანებს, დანაშაულის ჩადენა არც გაუფიქრებიათ და ქუჩაში დახვრიტეს, ბოლოს „კანტროლკებიც“ გაუკეთეს. რა დააშავეს ამ ბიჭებმა? – არაფერი.
დღეს აქტუალური გახდა პატიმრების საკითხი. ადამიანები, რომლებიც დაჭერილები იყვნენ აქციებზე პოლიციაზე თავდასხმების გამო, პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების და სხვა ამ ტიპის დანაშაულების გამო, დღეს თავს აცხადებენ, ან მათი მხარდამჭერები მათ აცხადებენ, პოლიტპატიმრებად. ამავე დროს, ისინი ჩივიან ციხეში პატიმრობის პირობებზე. მაგალითად, ამასწინათ ვუსმენდი ადამიანს, რომელიც ამბობდა, რომ 6 კვადრატული მეტრი მოდის თითოეულ პატიმარზე და ეს არის უმძიმესი პირობებიო. რა თქმა უნდა, პატიმრობა არ არის ადვილი, არც მაშინ, როცა 6 კვადრატული მეტრი არის ერთ პატიმარზე და არც მაშინ, როცა „ვივამედის“ პალატაში ამ დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორი ადამიანი ოროთახიან, კეთილმოწყობილ პალატებში არის, მაგრამ შევადაროთ ეს ყველაფერი იმას, რასაც ვისმენდით კომისიის სხდომებზე. იქ ვისმენდით, რომ 18 კვადრატულ მეტრში 35-დან 40 ადამიანამდე იყო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს ხდებოდა კარანტინში. როცა მათ ჰაერი არ ჰყოფნიდათ, რიგრიგობით იწვნენ ხოლმე საკნის კარსა და იატაკს შორის, ჰაერი რომ შემოდიოდა ის ჩაესუნთქათ და ამით იქნებ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. როდესაც 30 კვადრატულ მეტრ საკანში, 23 არასრულწლოვანი იჯდა. 0.7 კვადრატული მეტრი მოდიოდა ადამიანზე და განსხვავებით წინა შემთხვევისგან, აქ ეს გრძელდებოდა წლობით.
თეა წულუკიანმა თქვა, რომ 2000 ახალი შემთხვევა იყო ტუბერკულოზის ყოველწლიურად. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ეს რაოდენობა 60-მდე ჩამოვიდა. საქართველო და უკრაინა იყო სახელდებოდა როგორც ევროპაში ტუბერკულოზის მთავარი გამავრცელებლები.
დღეს სასჯელებზე ბევრი ადამიანი წუხს, თითქოს, არ არის სამართალი, მაგრამ გეტყვით, როგორ აღმოვაჩინე ბავშვი, რომელსაც 4 წელი ჰქონდა მისჯილი და ეს ადამიანი როცა დაიჭირეს, იყო 14 წლის. მან მოიპარა 15 ლარის ღირებულების კაკალი მეზობლის ხიდან. ასევე, 18 წლის ბიჭს მიუსაჯეს 18 წელი, იმიტომ, რომ მან მოიპარა 6 ცალი ნახმარი საბურავი. ეს ყველაფერი იყო შერწყმული ელიტურ კორუფციასთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
