„სოვლაბის“ მკვლევარი ბადრი ოყუჯავა ამბობს, რომ სამსახურში მიმავალს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა, სცემა და საღებავი შეასხა.
ოყუჯავას თქმით, შემთხვევა მაჭავარიანის ქუჩაზე მოხდა, ცემაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მეორე იმდენი კი თვითმხილველი იყო.
„სისხლიანი დაზიანებები არ მაქვს. სამსახურში მოვდიოდი ბარნოვზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ვიღაცამ დამიძახა: ბიჭო, გაჩერდიო, შენ აქ კედლებს რატომ ღებავო? მეთქი, რა კედლებს ვღებავ, ნორმალური თუ ხარ-თქო. დარეკეთ, ეს ის არისო. დარეკეს. მოვიდა მანქანა. იქამდე 3-4 კაცი იყო, მანქანიდან 5 კაცი [გადმოვიდა]. სახეზე ყველას ვიცნობ, „ქართული ოცნების ამომრჩევლები იყვნენ, ცხადია. მცემეს, მირტყეს, პულვერიზატორებით შემღებეს. ეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი სახე — ქუჩაში იჭერენ ხალხს და ურტყამენ. მე ამით არაფერი დაშავდება. ხვალ ყველას გელოდებით ევროპულ მარშზე და ამ სისაძაგლეს უარი უნდა ვუთხრათ“, — ამბობს ოყუჯავა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, წაართვეს ტელეფონიც და შემდეგ დაუბრუნეს.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გამოძიების დაწყების შესახებ უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
