სლოვაკეთის არასამთავრობოები: გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ

ს 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდის, სამოქალაქო გაერთიანებისა და სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლებმა 3 მაისს წერილით მიმართეს საქართველოს ელჩს სლოვაკეთის რესპუბლიკაში – რევაზ ბეშიძეს. მათ გამოხატეს სოლიდარობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და საქართველოს ელჩს სთხოვეს მთავრობისთვის გადაეცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების საკითხის „გადახედვის“ თხოვნა:
„სლოვაკეთის რესპუბლიკა არის ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც როგორც სახელმწიფო დახმარების გზით, ასევე სამოქალაქო სექტორის დონეზე ორმხრივი თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოსა და სლოვაკეთის არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციების თანამშრომლობას. ჩვენი თანამშრომლობა სხვა ფორმებთან ერთად გულისხმობს თქვენს ქვეყანაში საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების ფინანსურ მხარდაჭერასაც ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ეფექტიანი მმართველობა, ინტერსექტორული თანამშრომლობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ინოვაციების დანერგვა და მდგრადი დასაქმების ხელშეწყობა“.
სლოვაკეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აგრეთვე აცხადებენ:
„გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენს სერიოზულ შეშფოთებაზე მოსალოდნელი კანონის გამო, რომელიც იარლიყს მიაწებებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას. მიგვაჩნია, რომ ასეთი კანონი წინააღმდეგობაში მოვა ევროპულ ღირებულებებთან, რომლებიც თქვენმა ქვეყანამ აირჩია. ვფიქრობთ, არასამთავრობო სექტორის დონეზე საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობა იმსახურებს ორმხრივ მხარდაჭერას და არა უარყოფითი იარლიყის მიკერებას ან სხვა სახის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სირთულეების შექმნას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც