სი ძინპინი და პუტინი ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მოსკოვში ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც „კიდევ უფრო აღრმავებს“ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.
დაახლოებით ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლის მდიდრულ ოთახში ერთად მსხდომმა ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო მედიამ უწოდა „ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ახალი ეპოქის კოორდინაციისათვის”. პუტინი და სი ძინპინი, როგორც წესი, რეგულარული შეხვედრების შემდეგ ვრცელ ერთობლივ განცხადებებს აქვეყნებენ ხოლმე.
შემდგომ გამოსვლებში ორივე ლიდერმა სცადა, მსოფლიო წესრიგის დაცვისა და გაუმჯობესების მთავარ ძალად წარმოეჩინა თავიანთი ურთიერთობა.
„დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და გლობალურ გაურკვევლობაში, რუსეთ-ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია“, – განაცხადა პუტინმა, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად.
სი ძინპინმა კი ორი ქვეყანა „საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურ, პოზიტიურ და პროგრესულ ძალებად“ შეაფასა და მოუწოდა მათ, ერთად იმუშაონ „გლობალური მმართველობის სწორი მიმართულებით წარმართვისა და ყველასთვის სასარგებლო ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის ხელშეწყობის მიზნით“. სი ძინპინმა გამოიყენა ტერმინოლოგია, რომელსაც პეკინი ჩვეულებრივ ვაშინგტონის კრიტიკისას იყენებს ხოლმე და თქვა, რომ რუსეთს და ჩინეთს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ეკისრებათ „ცალმხრივი დინებისა და ძლიერთა ჰეგემონიური პრაქტიკის საერთაშორისო კონტრდინების“ წინაშე.
სი ძინპინი რუსეთში ოთხშაბათს ჩავიდა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით. ის დაესწრება პუტინის მიერ დაგეგმილ გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი და სისხლიანი ომის ფონზე ჩატარდება.
ფორუმი