“სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი” – სამედიცინო ექსპერტი ირაკლი დგებუაძის შემოწმებაზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოკითხვისას, სასამართლოს ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ “რადგან ტკივილის ცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური ცნება”, შესაბამისად მას, “როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია” არ აქვს.
გივი ჩხარტიშვილმა სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ს პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომლისთვის ცილის გაწვნასაც ედავებიან მზია ამაღლობელს.
მისივე თქმით, ირაკლი დგებუაძეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
“ბატონი ირაკლი დგებუაძე უჩიოდა სუსტ ტკივილს მარჯვენა ყურის ნიჟარის არეში. რადგან ტკივილის ცნება არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი, ტკივილი არის სუბიექტური ცნება, შესაბამისად მე, როგორც სამედიცინო ექსპერტს, მისი შეფასების კომპეტენცია არ გამაჩნია. ამდენად, მოცემულ საკითხზე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მოცემული პიროვნება რამდენად ზუსტად გადმოსცემდა ტკივილთან დაკავშირებულ [საკითხს]. რადგან ტკივილის ცნება არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია, რადგან ის არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად ჩემი კვლევის სფერო ვერ იქნება, შესაბამისად ტკივილს მე ვერ შევაფასებ”, – თქვა გივი ჩხარტიშვილმა.
მას პროკურორმა დამატებით ჰკითხა:
“თქვენ რომ გახდეთ, შემსწრე ან დაზიანებები იყოს თვალხილული, ამ შემთხვევაში თუ შეგიძლიათ ამ გარემოების შეფასება?”
გივი ჩხარტიშვილი: “არ შემიძლია, უშუალოდ ტკივილის შეფასება მე არ შემიძლია, რადგან ეს არის სუბიექტური ცნება.”
პროკურორის შემდეგ დამაზუსტებელი შეკითხვებით სამედიცინო ექსპერტს მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მიმართა:
“ირაკლი დგებუაძე რომ სიმულირებდეს, ამის გამოცნობის მეთოდი თქვენ არ გქონდათ?”
გივი ჩხარტიშვილი: “არა, ამის შეფასება მე არ შემიძლია.”
მაია მწარიაშვილი: “სიწითლესთან დაკავშირებით თქვით, რომ ეს თქვენი შეფასების სფერო არ არის. ირაკლი დგებუაძე თქვენთან მოიყვანეს მეორე დღეს, შუადღის ორ საათზე, შესაძლებელია დავუშვათ, რომ 12 საათის მერე ბატონ დგებუაძეს სიწითლე ჰქონოდა სახეზე და თქვენ ეს არ აღნიშნეთ?
გივი ჩხარტიშვილი: “სიწითლე მეც მაქვს ალბათ სახეზე, მაგრამ ხელი არავის არ გაურტყამს, ანუ სიწითლეს მე ვერ შევაფასებ, სიწითლე რადგან არ არის ჩემი ექსპერტიზის საგანი, რადგან არ არის სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი. შესაბამისად არ იქნა შეტანილი. ჰქონდა თუ არ ჰქონდა, არ მახსოვს, სიმართლე რომ გითხრათ”
მაია მწარიაშვილი: “მაგრამ 12 საათის მერე ლოყა წითელი შეიძლება ჰქონოდა?”
გივი ჩხარტიშვილი: “რის გამო?”
მაია მწარიაშვილი: “შემოლაწუნების.”
გივი ჩხარტიშვილი: “მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე ვერ ვაფასებ იმიტომ, რომ კომპეტენცია არ მაქვს.”
მაია მწარიაშვილი: “12 საათი ექნებოდა თუ არა?”
გივი ჩხარტიშვილი: “ვერ გეტყვით, ვერ გეტყვით ნამდვილად.”
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომას ესწრებიან გერმანიის, შვედეთისა და ს ელჩები. სხდომას ესწრება ასევე ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც.
სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. დარბაზში ისმის შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.