“სიჩუმე არის ღალატი – ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს”

“დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ოჯახი, მეგობარი, სამშობლო და რაც მთავარია, გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების წინაშე, სიჩუმე არის ღალატი, უმოქმედობა არის ღალატი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯი, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ( ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს)”,- ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე “ფეისბუკ” გვერდზე წერს, რითაც ბოლო დროს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვები ხმაურისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ამასთან, კანონის პროექტს უარყოფითად აფასებენ ევროპარლამენტარები, თუმცა ბოლო პერიოდში, ქართველი ბიზნესმენების ნაწილმა, აღნიშნულ საკითხში მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. კახა ხაზარაძე საკუთარ პოსტში, სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს.

“მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ. ძირითადად ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანებს მივმართავ, ანუ ბიზნესმენებს. 1 კვირის წინ დავწერე პოსტი და ვცდილობდი, მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი. გამგებმა გაიგო და ვინც ვერ გაიგო, ვწერ მათთვის.

გუშინდელი ოცნების დაორგანიზებულ კონტრაქციაზე ბაღის აღსაზრდელისთვისაც ნათელი გახდა, რა უნდა ….. ერთ კაცს და ვის ინტერესს ემსახურება, თუ არადა ს და საით მიათრევს ქვეყანას.

დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ოჯახი, მეგობარი, სამშობლო და რაც მთავარია, გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების წინაშე, სიჩუმე არის ღალატი, უმოქმედობა არის ღალატი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯი, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ( ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს).

მერწმუნეთ, რომ თავისუფლების ფასი არ არსებობს, მას ვერ იყიდი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ღირს, სიცოცხლის დათმობაც ღირს, როცა შენს მომავალს ეხება.

მე, ჩემი ოჯახის ჩათვლით, მომავალს ევროპული სამყაროს ნაწილად აღვიქვამ. ვერ ვიცხოვრებ ვერც რუსეთში, ვერც ირანში, ვერც ჩრდილოეთ კორეაში, და რაც მთავარია, არსად წასვლასაც არ ვაპირებ. ჩემს სამშობლოს საჯიჯგნად მტერს არ დავუტოვებ.

ვიყოთ ღირსეულები და ვიბრძოლოთ ბოლომდე, უკან დასახევი გზა სამწუხაროდ, არ დაგვიტოვეს.

ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”,- წერს კახა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ