სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სამი გამარჯვებული თეატრი გამოვლინდა

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. თეატრის კრიტიკოსების, რეჟისორებისა და თეატრმცოდნეებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელშიც ორი უცხოელია, ქართულ და უცხოურ დასებს შორის გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია:
I ადგილი – სპექტაკლი „ფიროსმანი“ – მოხეტიალე მთვარის თეატრი;
II ადგილი – სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“ – მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი (მესტია);
III ადგილი – სპექტაკლი „მეთორმეტე სახლი“ – მელექ სეილანი და მისი გუნდი (თურქეთი).
გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად ფესტივალის სპეციალური სიგელები და კომპანია „ზარაფხანის“ მიერ ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები გადაეცათ. საგულისხმოა, რომ წლევანდელი საპრიზო ფონდი გაზრდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თეატრების სადადგმო თუ საგასტროლო ხარჯისა და ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, მხარდაჭერით დაფუძნებული სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალი 4 -11 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრალური დასები. 13 მონაწილეს შორის იყვნენ თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების თეატრალური კოლექტივები და ორი დასი ესპანეთიდან.