სისხლის ბანკებს არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდებათ – კანონპროექტი
სისხლის გადასხმის დაწესებულებებს/სისხლის ბანკებს რეგისტრაციის ვადა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გაუხანგრძლივდებათ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია.
საქმე ის არის, რომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შეტანილი ცვლილების და მასში არსებული გარდამავალი დებულების მიხედვით, სისხლის ბანკებს მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ ვადა, რომ არაკომერციული იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირებულიყვნენ.
როგორც ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, დღეს ქვეყანაში მოქმედებს შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება, რომელთაგან არასამეწარმეო[არაკომერციული] იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს მხოლოდ სამი, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის განახლების მოთხოვნით.
რეგისტრაციის გადავადების გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სისხლის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილებაა, გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ საქმიანობა შეეზღუდებათ.
„აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფოს მიერ ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე. ამასთან, იმის მხედველობაში მიღებით, რომ დარგში მომუშავე ორგანიზაციათა საკმაოდ დიდი ნაწილი არ დარეგისტრირებულა კანონის მოთხოვნის შესაბამისად ამ ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ასეთ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ საქმიანობის შესაძლებლობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შეფერხებები სისხლის მიწოდების პროცესში. შესაბამისად, მიზანშეწონილია ორგანიზაციულმა საკითხებმა არ განაპირობოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების ხელყოფა“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ამოქმედდება მიღებისთანავე. მისი ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი ხუნდაძე.
აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა განიხილავენ.
bm.ge