სისხლიანი გარჩევა მუხრანში – დატოვა თუ არა თავდამსხმელმა ქვეყანა? (ვიდეო)

ორმაგი მკვლელობის საქმეზე მთავარი ფიგურანტი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც მოქმედი ჯარისკაცი და მასთან ერთად მყოფი 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილა, სავარაუდოდ თავს ოკუპირებულ ტერიტორიას აფარებს.

სამართალდამცველები უკვე 24 საათზე მეტია ცდილობენ დაადგინონ, ვინ მართავდა შავი ფერის, ჯიპის ტიპის ავტომობილს, რომლითაც ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

სროლის ხმა ადგილობრივებმა მუხრანის ცენტრში, საღამოს დაახლოებით 18:00 საათზე გაიგეს. ხორცის მაღაზიასთან მისულებს მძიმე სურათი დახვდათ – რამდენიმე ტყვიით დაჭრილი თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო, გია ქილარჯიანი, და ზურაბ სანამაშვილი დახმარებას ითხოვდნენ. მძიმედ, თავში დაჭრილი ჯარისკაცი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზურაბ სანამაშვილი მძიმე მდგომარეობაში რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ორივე მამაკაცს ჩასაფრება მოუწყო. თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ქილარჯიანისა და სანამაშვილის გადაადგილების მარშრუტის შესახებ. ისინი თბილისიდან ახლახან იყვნენ ჩასულები მუხრანში, რაიონის ცენტრში ხორცის მაღაზიასთან გაჩერდნენ და ავტომობილიდან ახლად გადმოსულებს მიმავალმა მანქანამ ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.