,,სისაური’’ თბილისის ფარგლებს გარეთ გადის – კომპანია მაისში რუსთავში ფილიალს ხსნის

ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია ,,სისაური“ დედაქალაქის ფარგლებს გარეთ პირველ ფილიალს რუსთავში გახსნის. კომპანიას ,,რუსთავი მოლში” ფართი იჯარით უკვე აქვს აღებული. ყავის მაღაზია მაისში მიიღებს პირველ მომხმარებლებს. კომპანია კიდევ ერთი ახალი ფილიალის გახსნა გორში გეგმავს. კომპანიის დირექტორის მოადგილე სუზი ისგანდაროვა ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომპანიას გაფართოების თხოვნით თავად მომხმარებლები უკავშირდებიან. მოთხოვნა არის ასევე ფრენჩაიზზეც. ,,სისაურში“ აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ჯერ არ მუშაობენ, თუმცა მომავალში ფრენჩაიზის დამატებას არ გამორიცხავენ.
,,10 ლოკაციაზე ვართ წარმოდგენილი თბილისში. მაისში გვაქვს დაგეგმილი რუსთავში გავხსნათ კიდევ ერთი ფილიალი. ეს თბილისის გარეთ ჩვენი პირველი ფილიალი იქნება. შემდეგ გვაქვს გეგმაში გორში ფილიალის დამატება. ეს იქნება სავაჭრო ცენტრებში, რადგან უფრო ადვილად მოდის ჩვენთან მომხმარებელი. რუსთავშიც შესაბამისად სავაჭრო ცენტრ ,,რუსთავი მოლში“ გავიხსნებით. გვაქვს უკვე იჯარით აღებული ფართი. ველოდებით, დანადგარები უნდა ჩამოვიდეს. აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ამან შეგვაფერხა. დან ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს. თვითონ მომხმარებლებისგან მოდის მოთხოვნა. მომხმარებლებიდან გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ძალიან ხშირად გვირეკავენ ,,ფრენჩაიზის“ მოთხოვნითაც. ამჟამად არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა ასეთი მოთხოვნის გამო მომდევნო წლებში დავამატოთ, მაგრამ ჯერ არ ვმუშაობთ ამ მიმართულებით.“- აცხადებს სუზი ისგანდაროვა.
კომპანიისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა მსოფლიოში ყავაზე გაზრდილი ფასი. ,,სისაურის“ დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ნედლეულის ღირებულება თითქმის გაორმაგდა, რაც ცუდმა მოსავალმა განაპირობა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ პროდუქტი პროპორციულად არ გააძვირა და ას გრამ ყავაზე მხოლოდ ერთლარიანი ნამატი შეინარჩუნა.
,,გვქონდა გამოწვევები ყავის ფასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდი მოსავლიანობა იყო. ეს გახდა იმის მიზეზი, რის გამოც გაორმაგდა ფასები მწვანე ნედლეულის. ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ, რომ ზუსტად იგივე ფასნამატი გაგვეკეთებინა, რადგან ფასების გაორმაგება არ გამოიწვევდა კარგ რეაქციას მომხმარებლებში. ბევრი რაღაც დავთმეთ ამის გამო, გარდა ხარისხისა. ხარისხს ვერ გავაფუჭებდით, რადგან დავპირდით მომხმარებელს, რომ ყოველთვის მივაწვდით საუკეთესო ხარისხის ყავას. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ნახტომი ჰქონდა ფასებს, ჩვენ 100 გრამზე მხოლოდ ერთი ლარის ნამატი გავაკეთეთ. ხარისხი რა თქმა უნდა იგივეა. შეიძლება კომპანიამ აიღოს თავის თავზე პროდუქტის გაძვირება. მოვახერხეთ, რომ პატარა ფასნამატი გავაკეთეთ. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და ცოტა არ დარეგულირდა ყავის ფასები შეიძლება მოგვიწიოს გაძვირება, რადგან დიდი ხანი ვერ შევძლებთ ასე რომ გავძლოთ. ველოდებით პოზიტიურ სიახლეებს, რადგან ახალი მოსავალი იქნება. შესაძლოა უკეთესი მოსავალი იყოს, დარეგულირდეს ფასები და დაიწიოს.”- აცხადებს სუზი ისგანდაროვა.
,,სისაური“ მომხმარებელს ,,სფეშელთი” ყავას სთავაზობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ყავის მოყვარული ყოველთვის ახალ მოხალულ მარცვალს იღებს. კომპანიის დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ,,სისაური“ ქსელურ მარკეტებში სწორედ მიზეზით არ არის წარმოდგენილი, რადგან თაროდან ახლად მოხალული ყავის მიწოდება შეუძლებელია.
,,ჩვენ ვართ ,,სფეშელთი ყავის” შემომტანები. მისი ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი არის ის, რომ ის ახალი მოხალული უნდა მივიდეს მომხმარებელთან. ამას 100%-ით ვასრულებთ. მოხალული ყავა ჩვენს თაროებზე მაქსიმუმ ერთ კვირაში იყიდება. ზუსტად ამიტომ არის, რომ არც ერთ ქსელურ მარკეტებში არ შეგვაქვს ჩვენი პროდუქცია. ,,სფეშელთი” ყავას ვყიდით მხოლოდ ჩვენს ფილიალებში და მომხმარებელი ყოველთვის ახალ მოხალულ ყავას იღებს. რაც რა თქმა უნდა მარკეტების თაროებზე შეუძლებელია.”- განმარტავს სუზი ისგანდაროვა.
,,სისაურს“ ყავის მწვანე მარცვლები მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვს. ესენია კოლუმბია, ბრაზილია, აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. კომპანიას მომწოდებლები გერმანიაში ჰყავს, რომლებიც ყავის ხარისხს თავად უწევენ კონტროლს. მომწოდებელი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მწვანე ნედლეულს იღებს. მისი ექსპერტები კი მარცვლეულის ხარისხს აფასებენ. აკეთებენ დეგუსტაციებს და ნედლეულს ქულებს ანიჭებენ.