სირიის ხელისუფლებამ ბაშარ ალ-ასადის დაპატიმრების ორდერი გასცა

დამასკის საგამოძიებო მოსამართლის, ტაუფიკ ალ-ალის თქმით, ასადი ბრალდებულია განზრახ მკვლელობასა და წამებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ორდერი გაიცა დაუსწრებლად, რადგან ასადი, რომელიც სირიიდან გაიქცა მისი დამხობის შემდეგ, რუსეთში იმალება გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ბრალდებები ეხება 2011 წელს დერაას პროვინციაში პოლიტიკური ცვლილებებისა და თავისუფლების მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობას. რეჟიმის პასუხი იყო მასობრივი დაპატიმრებები და ძალადობა, რაც მალე გადაიზარდა სისხლიან კონფლიქტში, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყნის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია.
მოსამართლე ალ-ალიმ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სირიის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მიმართოს ინტერპოლს ასადის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანის მოთხოვნით. მან განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო რეპრესიების დროს დაღუპულთა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების განცხადებების საფუძველზე. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილებას უწოდეს სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
სირიის იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ ორდერი დამატებით ბრალდებებს მოიცავს, მათ შორის „სამოქალაქო ომის წაქეზების მცდელობას“. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასადის საქმე ქვეყნის ახალი სასამართლო პოლიტიკის სიმბოლო უნდა გახდეს, რომელიც კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
სირიის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს რეფორმებისადმი ერთგულების დემონსტრირებას და საერთაშორისო ნორმების პატივისცემას. დამასკი იმედოვნებს, რომ სამართლებრივი რეფორმები და წარსული დანაშაულების გამოძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების ნდობის აღდგენას და წლების განმავლობაში ომისა და ნგრევის მსხვერპლი ქვეყნის რეკონსტრუქციის მხარდაჭერის მოზიდვას.
ფორუმი