სირიის მოქმედი ხელისუფლება აცხადებს, რომ დასრულებულია საომარი ოპერაცია დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრეთა წინააღმდეგ – იუწყება სააგენტო Reuters-ი.
მანამდე სირიის ხელისუფლებას წარედგინა დასავლეთის მოთხოვნა იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენებაზე, რომლებსაც კავშირი აქვთ ალავიტების მასობრივ მკვლელობებთან – უმცირესობის, რომელსაც ასადი ეკუთვნის.
ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, 9 მარტისთვის დაღუპული იყო ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე, ასადთან დაკავშირებული შეიარაღებული ფორმირებების 250-ზე მეტი მებრძოლი და ახალი რეჟიმის უსაფრთხოების ძალების 230-ზე მეტი თანამშრომელი.
სირიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სპეციალურმა სამსახურებმა ლატაკიისა და ტარტუსის პროვინციებში გაანადგურეს ასადის რეჟიმისგან დარჩენილი ძალები.
სირიის მოქმედმა მეთაურმა და აშშ-ში, ევროკავშირში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჯგუფის, “ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის” ლიდერმა, აჰმედ აშ-შარამ Reuters-სთან ინტერვიუში მკვლელობებში ასადის მომხრეები და უცხო სახელმწიფო დაადანაშაულა.
აშ-შარამ მომხდარს უწოდა საფრთხე ქვეყნის ერთიანობისთვის და განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მისი მოკავშირეების ჩათვლით. სირიის მოქმედმა მეთაურმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა დამასკისთვის ასადის პირობებში დაკისრებული სანქციების მოხსნისკენ. აშ-შარას თქმით, შეზღუდვების პირობებში ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას.
ამასთან, სირიის ლიდერმა დაადასტურა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ პირობებზე სირიაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის და ავიაბაზის განთავსების შესახებ.
