„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მედიაგარემოს აფასებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია „მკაცრად გმობს“ იმას, რასაც უწოდებს „დამოუკიდებელ მედიაზე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ და სისტემურ თავდასხმას“.
კოალიცია გამოყოფს რამდენიმე ასპექტს, რაც, მის თანახმად, აჩვენებს „ქართული ოცნების“ რეპრესიების მასშტაბს. პირველ რიგში საუბრობს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე:
„სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მისი საქმე, ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრების საქმეები, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც პროცესების მიმდინარეობისას ნათლად ჩანს“, – აცხადებს კოალიცია.
კოალიცია საუბრობს ფიზიკურ ძალადობაზე მედიის წინააღმდეგ და განმარტავს:
„პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმისა თუ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებიდან არცერთი საქმე არ არის გამოძიებული და არცერთი მოძალადე პასუხისგებაში მიცემული, რაც ამყარებს დაუსჯელობის განცდას და ხელს უწყობს ძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებას“.
მედიის ადვოკატირების კოალიცია ახსენებს ასევე „სამართლებრივ რეპრესიებს“ და კომუნიკაციების კომისიის როლზე ამახვილებს ყურადღებას.
წინა დღეს, 2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართა სამი ტელეკომპანიის – „პირველის“, „ფორმულისა“ და „მთავარი არხის“ – წინააღმდეგ და მათი სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.
„აღნიშნულ საქმეებს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია“, – წერს მედიაკოალიცია.
კომუნიკაციების კომისია, კანონის თანახმად, არის დამოუკიდებელი უწყება. მას 2017 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი დირექტორი კახა ბექაური ხელმძღვანელობს.
კოალიციის წარმომადგენლებმა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და განაცხადეს, რომ იგი „ქართული ოცნების სამსახურშია“.
„დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე მონაწილეობენ დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების დევნასა და დათხოვნაში. მაუწყებელი დღითიდღე ემიჯნება საზოგადოებას და რეალურ ფუნქციას კარგავს, რასაც მოწმობს სარედაქციო პოლიტიკის ტენდენციური შინაარსი და განსხვავებული მოსაზრების მიზანმიმართული უგულებელყოფა“, – განაცხადეს კოალიციის წარმომადგენლებმა.
კოალიციამ შეზღუდული მედიაგარემოს კონტექსტში ასევე ისაუბრა ჟურნალისტების დაჯარიმებაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, „მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე“ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების შესახებ, ასევე, „ეკონომიკურ ზეწოლაზე“, – მათ შორის უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვის შესახებ.
„ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ბიზნეს-კომპანიებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ შეწყვიტონ კონტრაქტები დამოუკიდებელ მედიასთან. ბიზნესს აიძულებენ, უარი თქვას მაღალი რეიტინგის მქონე არხთან თანამშრომლობაზე“, – წერს კოალიცია. მსგავსი განცხადება წინა საღამოს გააკეთა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.
„ქართველი საზოგადოება იმსახურებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, რომელიც უზრუნველყოფს სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და მოქალაქეთა სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მედიის თავისუფლება არის ფუნდამენტური ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის“, – აცხადებს კოალიცია.
როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მედიას შეეხო, განაცხადა, რომ აწესებდა „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მედიის შესახებ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ იღებდნენ.
2025 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (Reporters Sans Frontières – RSF) პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუარესდა – 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.
