სიმონ ჯანაშია – რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს არა?

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერის, სიმონ ჯანაშიას განცხადებით, საკვანძოა ისეთი კითხვების დასმა, რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს – არა.
როგორც ჯანაშია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ნულოვანი თანაგრძნობაა ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამიტომ მათგან გასაკვირი არაფერია.
„კრიტიკული აზროვნებისთვის საკვანძოა ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც ასე იწყება – “რატომ…?”. მაგალითად, ასეთი კითხვაა: რატომ ჩამოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ ვალები ელექტროსადგურების მფლობელებს, მაშინ, როდესაც პენსიონერებს არა? სწორედ ასეთი კითხვები გვეხმარება შემდეგ დამატებითი კითხვების, ვარაუდების და პასუხების მოფიქრებაში: – იმიტომ ჩამოაწერეს ჰესების მფლობელებს, რადგან პენსიონერების ვალები მეტია? – არა, რადგან ელექტროსადგურებს მილიარდამდე ვალი ჩამოეწერა, პენსიონერებს კი ამის დაახლოებით ნახევარი აქვთ ვალად. – იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდათ? – ალბათ არა, რადგან ოთხას ათასზე მეტ პენსიონერს და სოციალურად დაუცველს აქვს ბანკიდან აღებული ვალი. – იმიტომ, რომ ჰესების მფლობელები „ოცნებას“ შესწირავენ ფულს, ან ვიღაც კონკრეტულ გადაწყვეტილების მიმღებებს მიუტანენ ჩემოდნებით, ხოლო პენსიონერებისგან „ხეირი“ არაფერია? – შეიძლება, მაგრამ ამის გამოძიება არ არის მარტივი, სანამ ძალოვნებს „ოცნება“ აკონტროლებს. – იმიტომ, რომ ვალები ამ ხალხს „იმედის“ მფლობელის ბანკიდან აქვთ აღებული და ვალების განულება მისთვის ფულის დაკარგვას ნიშნავს? – შეიძლება ასეც არის. – იმიტომ, რომ „ოცნებას“ აწყობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ვალი? – შეიძლება, რადგან რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება საპენსიო ვალი, მით მეტად დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა გაუზარდოს პენსია. – იმიტომ, რომ ნულოვანი თანაგრძნობაა ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ? – დიახ, ეს არის ნამდვილად კობახიძის პოლიტიკა. ამიტომაც გასაკვირი არაფერია“, – წერს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება დათქმას, კობახიძის თქმით, „კომპანიებს განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“.