სიმონ ჯანაშია: ეს არის ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისთვის! რუსთაველზე, 25 ნოემბერს!

“ახლოვდება 25 ნოემბერი, დღე, როდესაც ქართული ოცნება საქართველოში დიქტატურის გაფორმებას დაგვპირდა. თავისუფალი მოქალაქები უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის პროსპექტზე და ვუთხრათ ხელისუფლებას, ჩვენ მეგობრებს შინ და გარეთ, მხნეებსა და იმედგაცრუებულებს, ოპონენტებსა და თანამოაზრეებს, რომ ჩვენ:
– არ შევეგუებით იმას, რომ ამ დღიდან საქართველოს ეყოლება თვითმარქვია, თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური პარლამენტი.
– არ შევეგუებით იმას, რომ მე-11 ბოლშევიკური არმიის მსგავსად, მე-11 მოწვევის პარლამენტი ცდილობს საქართველოს ოკუპირებას ისტორიის გაყალბებით, აზრის გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვით, სიძულვილისა და ზიზღის დანერგვით, ახალგაზრდების ციხეებში გამოკეტვით, ოპონენტების დამცირებითა და მათი გაერთიანებების აკრძალვით.
– არ შევეგუებით ევროპის კავშირში გაერთიანების შანსის დაკარგვას.
25 ნოემბერი ტრაგიკული დღეა ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ერთობისთვის ბრძოლის დასასრულს, გამარჯვებულები გავიხსენებთ, რომ ამ დღეს დაიწყო ის შრომა, მოქმედება, რომელმაც საბოლოოდ შეუშალა ხელი 25 ნოემბრის მთავრობას, რომ 25 თებერვლის გზას დაადგომოდა.
ეს იქნება შრომა პირველ რიგში იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის მცირე თავისუფლება, რაც დღეს ჯერ კიდევ გვაქვს, და შემდეგ უკვე იმისთვის, რომ ყოველდღიურად, საბოლოო გამარჯვებამდე, უკან დავახევინოთ დიქტატურის ხარბ გენერლებსა და მათ ხელქვეითებს. ეს იქნება მშვიდობიანი, რთული ბრძოლა ყველა თაობის, სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულის, ყველა დასახლებაში მცხოვრები პატრიოტების გაერთიანებისთვის, ცოდნის გავრცელებისთვის, სოლიდარობის გრძნობის გავრცელებისთვის, უსამართლობების აღმოფხვრისთვის, საკუთარი პოლიტიკური უფლებების დაბრუნებისთვის. ეს არის ბრძოლა საქართველოს გამარჯვებისთვის!
რუსთაველზე, 25 ნოემბერს!” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია.