სიმონ ჯანაშია: დღეს თავისუფლების მოედნის ყრილობა გვქონდა. აგერ უკვე მესამედ უნდა ვცადოთ რეგისტრაცია. ჰოდა, თუ არ დაგვარეგისტრირეს, ამ ყრილობების გამოსვლების ტექსტი მაინც დამრჩება

პროფესორი სიმონ ჯანაშია:
დღეს თავისუფლების მოედნის ყრილობა გვქონდა. აგერ უკვე მესამედ უნდა ვცადოთ რეგისტრაცია. ჰოდა, თუ არ დაგვარეგისტრირეს, ამ ყრილობების გამოსვლების ტექსტი მაინც დამრჩება აგერაა დღევანდელი
მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამებრძოლებო!
მე მჯერა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება კი იქნება ავტორიტარიზმის ბასტიონის დამარცხება, მაგრამ იმისთვის რომ დიქტატურა საბოლოოდ განიდევნოს საქართველოს პოლიტიკიდან, რთული და ხიფათიანი გზის გავლა მოგვიწევს.
ეს მოგზაურობა სულ მცირე სამ მნიშვნელოვან გამოცდას გვიმზადებს, რომელსაც აუცილებლად ერთად ჩავაბარებთ:
პირველი, ჩვენ უნდა შევქმნათ ის მექანიზმები, რომლებიც საზოგადოებრივ ინსტიტუტებს მმართველი პარტიის კონტროლისგან დაიცავს. სასამართლოს, პოლიციას, სკოლას თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ამოვუშენოთ ისეთი დამცავი ზღუდეები, რომლითაც პარტიის სირინოზების ტკბილ ან სპეცსამსახურების მკაცრ ჰანგებს გაუმკლავდებიან.
დაცვის მექანიზმებს შორისაა ისეთი გადაწყვეტილებები, როგორებიც არის ინსტიტუტების ფინანსური ავტონომიის გაძლიერება, ან ლუსტრაციის კანონის შემოღება!
მეორე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც იყოს თავისუფალი. თავისუფლება მაშინ აქვთ ადამიანებს, როდესაც აქვთ კარგი განათლება, როდესაც აქვთ საიმედო სოციალური დაცვის პოლიტიკის იმედი, როდესაც მათ მხარეს დგას ძლიერი პროფესიული გაერთიანებები და სამართლიანი სასამართლო. სწორედ თავისუფალ ადამიანს შეუძლია გაბედოს და გაიაროს სიხარბისა და უპასუხისმგებლობის სცილასა და ქარიბდას შორის.
და მესამე, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღების როლში ყოფნა არც პრივილეგია უნდა იყოს, და არც ტანჯვა. გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს ყველა მოქალაქე, და საკვანძო თანამდებობზე ადამიანები მუდმივად უნდა იცვლებოდნენ და ამისთვის ყოველ ჯერზე არაცივილიზებული ციკლოპების დამარცხება არ უნდა იყოს საჭირო.
თუმცა, ჩვენ განსაკუთრებულად ვეცდებით, რომ გავუხსნათ გზა ღირებულებებისთვის მებრძოლ, კეთილსინდისიერ და კომპეტენტურ ადამიანებს, რომ იმათ ნაცვლად, ვინც დღეს ხელმძღვანელობს ერთადერთი კითხვით – რაში გამოვიყენო პირადად მე სახელმწიფო? მართვა ჩავაბაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც შეეცდებიან თავისი საქმით უპასუხონ ამ მთავარ კითხვას: როგორ შემიძლია გამოვადგე ჩემ ხალხს, ჩემ საზოგადოებას და ჩემ ქვეყანას?!
ჩვენ ამ სამივე გამოცდას ჩავაბარებთ, ჭეშმარიტად დავამარცხებთ ავტორიტარულ რეჟიმს, და დავბრუნდებით დემოკრატიის, თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე, რომელზე სასიარულოდაც შეიქმნა საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება – ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

ირაკლი კობახიძე – რა დაპირებაც გაიცა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, იქნება პირნათლად შესრულებული, რაზეც მე ვიღებ პასუხისმგებლობას – წელიწადნახევრის განმავლობაში თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, მზად ვარ ვუპასუხო