„სილქ როუდ ჯგუფი“ 20 მილიონი დოლარის ინვესტირებით მონაცემთა ცენტრის პროექტის განხორციელებას აპრილიდან დაიწყებს – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა ჟურნალისტებს კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებისას განუცხადა, თუმცა პროექტის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია.
„Data ცენტრის პროექტს, რომელსაც ჩვენ ორი წელია ვამზადებდით, აპრილის პირველ კვირაში ვიწყებთ. ეს Triple A+ მონაცემთა ცენტრია, სერტიფიცირებული. საქართველოში ასეთი DATA ცენტრი ჯერ არ აშენებულა. პროექტი სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Orange-თან პარტნიორობით ხორციელდება და ძალიან სერიოზული პროექტია. მისი სიმძლავრე 2 მეგავატი იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მონაცემთა ცენტრის პროექტის გარდა, კომპანია პროექტებს უძრავი ქონების, ენერგეტიკის და კავშირგაბმულობის სექტორებში ავითარებს, რაც ჰოლდინგის მიერ $400 მლნ-იანი ევრობონდების განთავსების ფარგლებში ხორციელდება.
„ჩვენ ციფრული მიმართულებით 5G-ს ძალიან აქტიურად ვავითარებთ და ტექნოლოგიურად ძალიან ჩქარა მიდის ეს პროცესი. ჩვენ დავიწყეთ “ბათუმი სი თაუერის” პროექტი. ეს დიდი 700-მილიონიანი პროექტი უკვე დაწყებულია და ამაზე სიახლეები გვექნება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ დიდ პროექტზე, 200+ მეგავატიან ენერგოპროექტზე, რომელშიც ჩვენ შევალთ. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალე განვაცხადებთ. ასევე, ვიწყებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდ ენერგეტიკულ პროექტებზე. ანუ ეს ყველა მიმართულება – უძრავი ქონება, კავშირგაბმულობა, ციფრული მიმართულება, ენერგეტიკა – ყველგან ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ძალიან მალე შევთავაზებთ კიდევ მეტი ობლიგაციების გამოშვებას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობას“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
კითხვაზე როდის გეგმავს კომპანია ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ბიზნესმენი პასუხობს: „ახლა ჩვენ ხუთწლიანი ციკლი გვაქვს. ამიტომ ამწუთას ჩვენ ამ თანხებს ვითვისებთ. დაახლოებით სამი წლის თავზე ჩვენ გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ახალი ბონდები გამოვუშვათ, იმის გათვალისწინებით როგორი დინამიკა იქნება“.




