„სილიკონ ველი თბილისი“ და BTU საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებენ

„სილიკონ ველი თბილისი“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებენ. „ციფრული წიგნიერება ახალგაზრდების ინტეგრაციისა და განვითარებისთვის“ BTU-ის Junior Tech პროგრამის გაგრძელებაა, რომელსაც უნივერსიტეტი UNICEF-თან და 20-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების ციფრული უნარების გაზრდას, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობასა და მათთვის ერთ-ერთ მთავარ უფლებაზე – განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროექტი, ასევე, ეხმაურება აღნიშნული ახალგაზრდების დასაქმებასთან/კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ პერსპექტივებს.
პროექტის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, შეირჩევა 30 მონაწილე, განხორციელდება 5 თვიანი სასწავლო-მოსამზადებელი პროგრამა და კარიერული Booth camp – ღონისძიება დასაქმებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის, ასევე, მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ.
პროექტის ამოცანაა, ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური უნარების გაზრდის გზით, გაუმჯობესდეს პროგრამაში ჩართული მონაწილეების მდგომარეობა, გაიზარდოს მათი საზოგადოებაში რესოციალიზაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობები და მონაწილეთა დასაქმების პერსპექტივა. ამ ამოცანის მისაღწევად, პროექტის განხორციელებაში, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩართულები იქნებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები – მხარდამჭერი კომპანიები და ინდ. მეწარმეები, რომლებიც პროექტის მონაწილეებს გაუწევენ მენტორობას და მისცემენ რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ.
პროექტის განხორციელების ვადებია: 05.02.2024 – 28.06.2024.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი