სიკორსკი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“.
ამ პანელში სევე მონაწილეობდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ