„სითი მოლის“ მფლობელ კომპანიას შაორის ტბასთან 2 246 კვ/მ მიწა 49 წლით გადაეცა

სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development-ის შვილობილ „სითი დეველოპმენტს“ რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 2 246 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
აღნაგობის უფლება გულისხმობს, რომ კომპანიას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს არსებული ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების და გაქირავების უფლება.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიამ მიწით სარგებლობისთვის წლიურად 7900 ლარი უნდა გადაიხადოს.
რამდენიმე დღის წინ გამოცემული განკარგულების მიხედვით, 3 წლის ვადაში კომპანიამ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შაორის ტბის პირველ ზოლში IG Development-ის მიერ სასტუმროს მშენებლობის გეგმების შესახებ „კომერსანტი“ რამდენიმე თვის წინაც წერდა. სავარაუდოდ, კომპანიისთვის აღნაგობით გადაცემული მიწის ნაკვეთი სწორედ სასტუმრო კომპლექსის განვითარების პროექტის ნაწილია.
ცნობისთვის, სასტუმროს მშენებლობისთვის 3 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი კომპანიამ 1 193 000 ლარად რამდენიმე წლის წინ შეიძინა, „სითი დეველოპმენტის“ ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საპროექტო გუნდისთვის გარკვეული შეზღუდვები იყო დაწესებული. მათ შორის, საპროექტო შენობა 4 სართულს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ოთახების ოდენობა 120 ნომერს, სწორედ ამ მაქსიმუმს მოიცავს სასტუმროს პროექტი. გარდა ამისა, საკუთრებაში არსებული 3 ჰექტარამდე ტერიტორიის პროექტირების მიღმა, გასათვალისწინებელია კომპლექსამდე მისასვლელი გზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოება/რეკონსტრუქციის რეკომენდაციის გაცემა.
შპს „სითი დეველოფმენტის“ წილის 100%-ის მფლობელი კი შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაა“. თავად შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე/წევრი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე მინდია საბანაძეა, წევრები კი ნოდარ საბანაძე, ლევან მესხელი, ლაშა კახიშვილი და გიორგი მთიბელაშვილი არიან. კომპანიის 100%-ს -ში რეგისტრირებული IG international LLC-ი ფლობს.

ასევე დაგაინტერესებთ