სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად სამხედროების დამატებითი ნაწილი გაგზავნა. პრესისთვის დღეს, 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი ჯერ კიდევ დაზუსტების ეტაპზეა.
მანამდე სამხრეთკორეულმა გამოცემამ JoongAng ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ იანვარ-თებერვალში ფხენიანმა რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლველად მიავლინა დამატებით 1000-დან 3000-მდე სამხედრო.
უკრაინის და სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურების მონაცემებით, 2024 წელს ჩრდილოეთ კორეამ კურსკის რაიონში გაგზავნა დაახლოებით 11 000-12 000 სამხედრო.
2025 წლის იანვრის ბოლოს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ იანვრის შუა პერიოდში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს დიდი დანაკარგების გამო. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, თებერვლის დასაწყისში ისინი უკან დაბრუნდნენ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.
პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში იმყოფებიან, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.
სხვადასხვა მონაცემით, კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-დან 4000-მდე ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. არაერთი ტყვედ ჩავარდა.
